იმ ხელისუფლების საქმე წასულია, რომელიც აქციებს მართავს - მამუკა ხაზარაძე
იმ ხელისუფლების საქმე წასულია, რომელიც აქციებს მართავს - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

18:02 07/12/2019

წასულია იმ ხელისუფლების საქმე, რომელიც აქციებს მართავს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ 14 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილ შეკრებას გამოეხმაურა.

ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებას მხოლოდ იმის უნარი აქვს, რომ ქვეყანა გაუბედურებულ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

„წასულია იმ ხელისუფლების საქმე, რომელიც აქციებს მართავს. ხელისუფლება იმიტომ არის, რომ კაბინეტებში გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, რასაც ისინი ვერ აკეთებენ. ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ხედვა, არ გააჩნია გეგმა და აქვს მხოლოდ იმის უნარი, რომ ქვეყანა ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება პროტესტი და ვიქნებით ყველა იმ ადგილზე, სადაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას გავუწიოთ სერიოზული კონკურენცია, რათა უახლოეს არჩევნებში სახლში გავისტუმროთ,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მან ოპოზიციას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებისგან და ხელი არ შეუშალოს ამ ღონისძიებას.

„გვსურს წინასწარ გაცნობოთ, 14 დეკემბერს, შაბათს, ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ამ დღის აღსანიშნავად, რა თქმა უნდა, ჩვენი თანაგუნდელები, თანატოლები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი. ბუნებრივია, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელობას ატარებს და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს, შეუძლია შემოგვიერთდეს“, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.