ხუნდაძეს ივანიშვილის "ქართუში" 80 თეთრი უდევს, ხაზარაძის "თიბისიში" - 548 ლარი
ხუნდაძეს ივანიშვილის "ქართუში" 80 თეთრი უდევს, ხაზარაძის "თიბისიში" -  548 ლარი

A+ A-

09:30 10/12/2019

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ისე ჩანს, "ოცნების“ ამბოხებულ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს თავისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული, მაჟორიტარული გემოვნება აქვს, შავი ზღვის მაგნიტური სანაპირო ორივეს ძალიან ჰყვარებია. ერთი შეკვეთილში ფლობს მიწის ნაკვეთს, მეორე კი - დაბა ურეკში.
მაჟორიტარი თავის ლიდერს არც "საბანკო“ გემოვნების ამბავში ემთხვევა და ხაზარაძის "თიბისის“ უფრო სწყალობს, ვიდრე ივანიშვილის "ქართუს“.

ფეოდალის მამულები

როგორც მცხეთის ფეოდალის, ხუნდაძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც მიმდინარე წლის 31 იანვარს აქვს შევსებული, იგი უძრავი ქონების სახით ფლობს მიწის ნაკვეთებს დაბა ურეკსა და მცხეთაში.

რაც შეეხება დეპუტატის ქონებას დაბა ურეკში, იგი მთლიანობაში 784 კვ.მ ფართობ მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც საერთო ჯამში 59 ათას 500 ლარი დაუჯდა.

ამ ე.წ. ამბოხებულ დეპუტატს მცხეთაში აქვს 820 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ღირებულება 37 ათას 500 ლარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი მემკვიდრეობის სახითაც აქვს მიღებული.

სად ცხოვრობს ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების „გმირი“? დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იგი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩა N158-ში, 110 კვ.მ ბინას ფლობს, რომელიც მას 2005 წელს აჩუქეს. თუმცა, უცნობია, ვისგან მიიღო საჩუქრად ეს ფართი.

მცხეთის მაჟორიტარის სახელზე გაფორმებულია, 2004 წელს, აღმაშენებლის ქუჩა N13-ში მემკვიდრეობით მიღებული, 272 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლიც.

როგორც აღმოჩნდა, არც დეპუტატი და არც მისი მეუღლე საცხოვრებელ ბინას, ან რაიმე კომერციულ ფართს თბილისში არ ფლობენ. დეკლარაციაში ფეოდალს მითითებული არ აქვს, ფლობს თუ არა საკუთარ ავტომობილს.

ხუნდაძის მიერ შევსებული ქონებრივი დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ მცხეთის მაჟორიტარი ოდესღაც სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და ფლობდა 40-პროცენტიან წილს შპს-ში ,,დიონისე“, რომელიც 1995 შეიქმნა და მალევე შეწყვიტა საქმიანობა.

რაც შეეხება ხუნდაძის საბანკო ანგარიშებს, დეპუტატს მამუკა ხაზარაძის „თიბისი“ ბანკში 548 ლარი და 4 თეთრი აღმოაჩნდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის „ქართუში“ - 80 თეთრი.

მისი მეუღლის ლია ხუნდაძეც, როგორც ჩანს „თიბისი“ ბანკის მომხმარებელია და მას მიმდინარე ანგარიშზე 8 ათას 51 ლარი და 52 ლარი აქვს. ლია ხუნდაძეს ასევე „თიბისი“ ბანკში აქვს გახსნილი ანაბარი დოლარში და თანხის საერთო რაოდენობა 5 ათას 500-ს შეადგენს.

ხუნდაძის მეუღლის დანაზოგის საერთო რაოდენობა, ანაბრის ჩათვლით, დოლარის დღევანდელი კურსით, 24 ათს 221 ლარი და 52 თეთრია.

მცხეთის „ფეოდალს“, საკანონმდლებლო საქმიანობის წარმოებისთვის, 2017 წლის 1 იანვრიდან წლის ბოლომდე, ანაზღაურების სახით, 56 ათას 360 ლარი აქვს აღებული.

ხოლო მის მეუღლეს, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებს, 2017 წლის 10 მარტიდან წლის ბოლომდე, ხელფასის სახით, 16 ათას 875 ლარი აქვს აღებული.

ხუნდაძე და სესხები

როგორც ხუნდაძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მას არაერთხელ უსარგებლია „თიბისი“ ბანკის სამომხმარებლო სესხით.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2018 წლის 10 იანვარს „თიბისი“ ბანკიდან გამოიტანა 5 ათასი ლარის ოდენობის სესხი, რომლის გადახდის ბოლო ვადად 2018 წლის 3 ოქტომბერია მითითებული. აღნიშნული საბანკო მომსახურება, საბოლოო ჯამში, გასავლის სახით, ხუნდაძეს 5 ათას 252 ლარი და 67 თეთრი დაუჯდა.

იგივე ბანკში, ხუნდაძის სახელზე, 2018 წლის 3 ოქტომბრის თარიღით, ფიქსირდება კიდევ ერთი სამომხმარებლო სესხი, რომლის რაოდენობა გაცილებით კოლოსალურია და 29 ათას ლარი შეადგენს. სესხის დაფარვის ბოლო ვადად 2020 წლის 27 მაისია მითითებული. ამ ეტაპისთვის, აღნიშნული სესხის დასაფარად, დეპუტატს მხოლოდ 4 ათას 840 ლარი და 8 თეთრი აქვს გადახდილი.

ხუნდაძის სახელზე „თიბისი“-ში კიდევ ერთი სამომხმარებლო სესხი ფიქსირდება. მისი დეკლარაციის მიხედვით, ფეოდალმა 30 ათასი ლარის ოდენობის სესხი 2017 წლის 19 სექტემბერს აიღო და გადახდის ბოლო ვადა 2018 წლის 3 ოქტომბერი იყო. თუმცა, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, დეპუტატმა ხუნდაძემ აღნიშნული თანხის სრულად დაფარვა ვერ შეძლო და მხოლოდ 27 ათას 832 ლარი და 23 თეთრი გადაიხადა. რა მოუვიდა დარჩენილ თანხას, ამის შესახებ დეკლარაციაში მითითებული არაა.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სამომხმარებლო სესხების დაფარვაში, ე.წ. ამბოხებულ დეპუტატს 2017 წლის 19 სექტემბრიდან ბოლო ქონებრივი დეკლარაციის შევსებამდე, 37 ათას 925 ლარი და 7 თეთრი აქვს გადახდილი.