რატომ ინახება თბილისის პირველი რუკა მოსკოვის სამხედრო-ისტორიულ არქივში?
რატომ ინახება თბილისის პირველი რუკა მოსკოვის სამხედრო-ისტორიულ არქივში?

A+ A-

13:19 10/12/2019

რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მიერ ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში შედგენილ საგზაო რუკაზე დატანილი პუნქტი „ფილადო“ თბილისი უნდა იყოს. მისი საქართველოს დედაქალაქად გადაქცევა კი ვახტანგ გორგასალსა და მის ვაჟს - დაჩის უკავშირდება. “მაშინ მცხეთაი ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდეს და კალაი განდიდნებოდა“. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ბევრი მოგზაურის რუკაზე აღმოჩნდა ჩვენი დედაქალაქი, ჩვენამდე მოღწეული თბილისის პირველი რუკა ვახტანგ ბატონიშვილის მიერ 1735 წელს არის შედგენილი. 50 წლის შემდეგ, 1785 წელს, ალექსანდრე პიშკევიჩმა შეადგინა თბილისის გეგმა - აღა-მაჰმად ხანის შემოსევამდე 10 წლით ადრე.

გადამწვარი თბილისის აღდგენა კი პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით მოხდა. ხელოვნებათმცოდნე მზია მაკალათია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩუიკოს გეგმა იყო ტოპოგრაფიული კვლევის წესით და მასშტაბით შესრულებული პირველი გეგმა; სწორედ ამ გეგმამ შემოგვინახა 1795 წელს განადგურებული უბნები და ნაგებობი, რომლებიც პორუჩიკმა ფერადად გამოჰყო. ამ მნიშვნელოვანი მემატიანის ორიგინალი კი დღესაც მოსკოვის ცენტრალურ სამხედრო-ისტორიულ არქივში ინახება. საყურადღებოა, რომ გადამწვარი თბილისის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის დროს ძველი, ბანიანი სახლების ადგილზე, მაღალსართულიანი ნაგებობების აშენების მოსაზრებაც გაჩენილა. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს მოსაზრება არ იქნა გათვალისწინებული და ძველი ქალიქის ბირთვი - კალა, სასწაულებრივად გადარჩა.

ავტორი: ნინო გედენიძე