ეროვნულ ბიბლიოთეკაში მედიცინის ბესტსელერის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მედიცინის ბესტსელერის პრეზენტაცია გაიმართა

A+ A-

13:38 10/12/2019

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მედიცინის ბესტსელერის პრეზენტაცია გაიმართა. „რესპირაციული მედიცინის რჩეული საკითხები” საზოგადოებას წიგნის ავტორებმა - საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატებმა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებმა თამაზ ლობჟანიძემ და ივანე ჩხაიძემ წარუდგინეს. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ წიგნი რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ დიპლომამდელი და დიპლომის შემდეგი საფეხურის პროგრამებისთვის.

იგი დაეხმარება პულმონოლოგებს, შინაგანი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებს, ფთიზიატრებს, პედიატრებს, ოჯახის ექიმებს, რადიოლოგებს, გულმკერდის ქირურგებს ფილტვის იშვიათი დაავადების შესახებ ცოდნის ამაღლებაში და გააუმჯობესებს პაციენტის მართვის ხარისხს. საგულისხმოა, რომ გაჩნდა იდეა წიგნის „რესპირაციული მედიცინის რჩეული საკითხების“ თარგმნის, რადგან დღესდღეისობით, მისი ანალოგი მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში არ არსებობს.

როგორც ივანე ჩხეიძემ განაცხადა, „უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ მასში თავმოყრილი და განხილულია ფილტვების იშვიათი დაავადების ყველა ფორმა, მაშინ როდესაც ადრე გამოცემული წიგნები ამ დაავადებების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს განიხილავდნენ“. წიგნი შთამბეჭდავი მოცულობისაა - 720 გვერდი, ლიტერატურის 2457 წყარო, ილუსტრირებული 182 სურათით. რესპირაციული მედიცინის თემატიკაზე შექმნილი ანალოგიური მოცულობის ნაშრომი ძალიან იშვიათია მსოფლიოს მედიცინაში. 2005 წელს გამოცემული Baum's Textbook of Pulmonary Diseases, 7th Edition 1450 გვერდიანია, ხოლო 2019 წელს გამოცემული Principles of Pulmonary Medicine, 7th Edition, მხოლოდ 410 გვერდს შეიცავს.

„ამ ნაშრომზე 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდით, ვინაიდან ამ თემაზე მასალების შეგროვება ძალიან ძნელი და უაღრესად შრომატევადი პროცესია. ამ წიგნის ინგლისურად თარგმნის შემთხვევაში, ის აუცილებლად გახდება რესპირაციული და არა მარტო რესპირაციული, მედიცინის ბესტსელერი. თუმცა ეს საკმაოდ ძვირადღირებული და რთული პროცესია“, - განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

ავტორი: ნინო გედენიძე