რუსთავში ხარაჩოდან ორი მუშა გადმოვარდა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა.
როგორც ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ერთ-ერთ მამაკაცს პოლიტრავმა აღენიშნება.
მეორე დაშავებულს პირველადი ინფორმაციით, გულმკერდისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აქვს მიღებული.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევას გულისხმობს.