ხვალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება
ხვალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება

A+ A-

14:40 14/12/2019

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ სასტუმრო შერატონში 12:00 საათზე გამართება. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დიპლომატებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.