თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბბინად გადაიქცა - გიგი უგულავა
თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბბინად გადაიქცა - გიგი უგულავა

A+ A-

14:54 14/12/2019

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. სასტუმრო Holiday Inn-ში შეხვედრაზე ოპოზიცია დიპლომატებთან საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა. ამის გარდა, პოლიტიკოსები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების თემასაც შეეხნენ. ლიდერებმა სასამართლო სისტემაზეც გაამახვილეს ყურადღება. 

„მივიღეთ გზავნილი, რომ დეტალურად აკვირდებიან მოვლენებს. მე ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო საზოგადოებაში თავი ამოწურა. შევთანხმდით, რომ რეგულარულ შეხვედრებს გავმართავთ. დღეს გადავეცით სია, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ არიან პატიმრობაში. ყველაზე საინტერესოა, რომ მაგიდასთან ვინც ვისხედით, ბევრი საკუთარ სასამართლოს ველოდებით და ეს თავადაც აღნიშნეს. “, - განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს. 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მთავარი თემა „პოლიტპატიმრების საკითხი“ იყო. 

„ხუმრობით შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბბიდან გადაიქცა“, - აღნიშნა უგულავამ. 

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავენ. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. 

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.