ცილისწამებისთვის ყველას სასამართლოში მოეთხოვება - ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი
ცილისწამებისთვის ყველას სასამართლოში მოეთხოვება  - ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი

A+ A-

15:44 14/12/2019

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გაკეთებულ განცხადებას შეფასებები მოჰყვა. ექიმის შვილი, თათა გაფრინდაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოჯახმა სასამართლოს მიმართოს, რათა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის ყველამ პასუხი აგოს.

„არ შევდივართ ვინმესთან პოლემიკაში. ყველა ადამიანს, იქნება ეს კერძო პირი, საკრებულოს დეპუტატი თუ ე.წ. ბოტი, ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სასამართლოს გზით მოეთხოვება პასუხი“, - აცხადებს თათა გაფრინდაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია და ის კედელი, რომელიც მოსკოვს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ აქვს აღმართული, საქართველოს ტერიტორიაზე აუცილებლად დაიშლება.

„მთელი საზოგადოება - ხელისუფლება და ყველა მოქალაქე ვართ ერთ პოზიციაზე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი ცდილობენ, რომ ამაში გადაგვახდევინონ მეტი ფასი, და რაც უფრო მეტ პრინციპულობას ხედავენ ჩვენი მხრიდან, მით უფრო მკვეთრია მათი რეაქცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექსტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განთავსებული ტექსტის განმარტებისას კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“.

„სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობამ რადგან შედეგი არ მოგვცა, საჭიროა აუცილებელად უწყებითაშორისი საბჭოს შექმნა“ - ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 13 დეკემბერს, ექიმის პატიმრობაში დატოვების შემდეგ განაცხადა. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.