"ყველა ევროპელი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს" - წულუკიანი მოსამართლეებზე
"ყველა ევროპელი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს" - წულუკიანი მოსამართლეებზე

A+ A-

16:17 14/12/2019

„საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები და ყველა ევროპელი ვალდებულია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვტილებას პატივი სცეს“, - ასე პასუხობს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებაზე ევროპული ინსტიტუტების კრიტიკულ განცხადებებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. 

წულუკიანი ევროპელებს ახსენებს, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად და რჩევას აძლევს მათ, რომ ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავისი მოსამართლეები სწორედ ღია, „ლაივში“ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. 

„სხვადასხვა განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული გვარები და სახელები არ არის მოსაწონი მათი მხრიდან, თუმცა მე მინდა მათ შევახსენო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ მივიღეთ კანონი - ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად. ამიტომ, პირიქით რჩევას მივცემდი, ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავისი მოსამართლეები სწორედ ღია, ლაივში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები და ყველა ევროპელი ვალდებულია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვტილებას პატივი სცეს“, - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) პარლამენტის მიერ 14 მოსამართლის დამტკიცებასთან დაკავშირებით მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოხატავენ. განცხადება საპარალამენტო ასამბლეის ვებგვერდზე 13 დეკემბერს გამოქვეყნდა. განცხადება გაავრცელეს ევროკავშირმა და ამერიკის საელჩომაც. 

პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა.