ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა - ბიძინა ივანიშვილი
ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა - ბიძინა ივანიშვილი

A+ A-

18:57 14/12/2019

ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებაზე „საქართველოს გზაზე ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც თავისუფლების მოედანზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

„დღეს, როდესაც დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება, როდესაც, ზოგიერთი ხანდახან ირონიულადაც იხსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით – რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით.

სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ ჩვენ, ევროპასთან ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას; სწორედ ასეთი მიდგომებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება;

სწორედ ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა.

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით – ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.