25 დეკემბერსა...შობის დღესასწაულზე ფრანგების უბანში გეპატიჟებით...
25 დეკემბერსა...შობის დღესასწაულზე ფრანგების უბანში გეპატიჟებით...

A+ A-

15:53 24/12/2019

გილოცავთ ყველას, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ფრანგების უბანში გეპატიჟებით. ეს სახელი აქ კათოლიკური ეკლესიის, უფრო ზუსტად - ეკლესიების არსებობას უკავშირდებოდა. ერთი პერიოდი ქუჩასაც ფრანგების ერქვა, შემდეგ კი - კათოლიკების. სწორედ ასეა აღნიშნული 1841 წელს შედგენილი თბილისის ქუჩების სიაში.

მოგვიანებით, ქუჩის ეს დასახელება საიათნოვამ ჩაანაცვლა, რომელიც მალე პირველი მაისით შეიცვალა, დღეს ეს ქუჩა გია აბესაძის სახელს უკვდავყოფს და თბილისში მცხოვრებ კათოლიკეთა საყვარელ ადგილად რჩება. აქ დგას 1804–1808 წლებში აგებული წმინდა ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკური ეკლესია, თუმცა, როგორც ისტორიული წყაროები იტყობინებიან, იქვე ახლოს, 1729 წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე აშენებული ეკლესია მდგარა. საცხოვრებელ სახლად გადაკეთებული ტაძრის შენობამ კედელში ჩადგმული საფლავის ქვა შემოგვინახა. სწორედ ამ ტაძრის აგებას უკავშირდება ამ უბნის „ფრანგთა უბნად“ მონათვლა.

აქ მოგვიანებით, 1749 წელს კიდევ ერთი ტაძარი აუგიათ, ასევე ღვთისმშობლის ხარების სახელზე, რადგან ლათინთა ძველი ეკლესია ვეღარ იტევდა გამრავლებულ კათოლიკეებს. სამწუხაროდ, ეს მშვენიერი ეკლესიაც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ შეიწირა. თბილისში პირველი კათოლიკური ეკლესიის აგება 1125 წელს, ფრანცისკელ ბერებს და რაც მთავარია, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის გათავისუფლებას უკავშირდება.

ისტორიკოს ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ეს ეკლესია „მდებარეობდა ჯვარის მამის ეკლესიის მახლობლად, ცოტა ზემოთ, სოლოლაკის მხრით“. კათოლიკური ამბები დეტალურად ასახა თავის წიგნში „კათოლიკობა საქართველოში“, ავტორმა მანანა ქუთათელაძემ. წიგნში უნიკალური მასალა, მათ შორის უნიკალური ფოტოებია განთავსებული. “საბადო, რომელშიც დიდ განძს მიაგნებ“, - ასე დაახასიათა ეს წიგნი ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ. „კონდუქტორი“ ბევრი ასეთი საბადოს მიგნებას აპირებს და გეგმავს.

მოამზადა ნინო გედენიძემ