როგორ უნდა მოხვდეთ ბეთლემის უბანში?
როგორ უნდა მოხვდეთ ბეთლემის უბანში?

A+ A-

18:27 05/01/2020

თავისუფლების მოედნიდან დადიანის ქუჩის გავლით ასათიანის ქუჩაზე გადიხართ და ქვემოთ ეშვებით. ხუთიოდე წუთში ასათიანის 14-თან აღმოჩნდებით და მარჯვნივ შებრუნებულს ჯერ ქართლის დედა მოგტაცებთ თვალს და შემდეგ მაცხოვრის შობის ზემო და ქვემო ტაძრები. იქამდე კი - თბილისის კოლორიტული ქუჩით, კიბე-ქუჩით მოგიწევთ ასვლა. სულ რაღაც 120 საფეხური და ბეთლემის უბანში ხართ. საუკუნეების მანძილზე აქ ბილიკით ამოდიოდნენ.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი - ქუჩა-კიბით, რომლის პროექტი 1850 წელსაა შესრულებული საგუბერნიო არქიტექტორის ტიმოთე ბელოის მიერ. პროექტის მიხედვით, კიბე გადახურული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშენებლობის პროცესში პროექტმა სახე იცვალა და მისი გადახურვა ვერ მოხერხდა. პროექტი თბილისელმა ამქრებმა საკუთარი მასალით უსასყიდლოთ განახორციელეს. ბეთლემის აღმართი თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ფეთხაიმის აღმართი.

1923 წლიდან 40-იან წლებამდე აზიზბეკოვის სახელს ატარებდა. აზიზბეკოვი მეშადი აზიმ-ბეკ-ოღლუ, აზებაიჯანელი რევოლუციონერი, ბაქოს კომუნის 26 კომისართაგან ერთ-ერთია. აღსანიშნავია, რომ ბაქოში პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებაში კომუნარებს და კერძოდ, შაუმიანს გვერდში ედგა ლავრენტი ბერია. 1918 წელს საბჭოთა ხელისუფლება ბაქოში დაამხეს, 26 კომისარი დააპატიმრეს, ხოლო იმავე წლის 20 სექტემბერს ესერებმა და ინგლისელებმა სახალხოდ დახვრიტეს. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ქუჩამ და აღმართმა დაიბრუნეს ფეთხაიმის სახელი. თუმცა 21-ე საუკუნის პირველ წლებში აზიზბეკოვის სახელი იყო აბრებზე. დღეს ამ აღმართს ბეთლემის ჰქვია და ნამდვილად მიყავხართ ტაძრებამდე.

მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ