"ახლო აღმოსავლეთის კრიზისის არქიტექტორისა და სულისჩამდგმელი გენერლის განეიტრალება სწორი გადაწყვეტილებაა"
"ახლო აღმოსავლეთის კრიზისის არქიტექტორისა და სულისჩამდგმელი გენერლის განეიტრალება სწორი გადაწყვეტილებაა"

A+ A-

17:42 08/01/2020

"შესაძლებელია, ტრამპის მიერ მიღებული ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის არქიტექტორი და სულისჩამდგმელი გენერალი სოლეიმანი გაანეიტრალა. ტრამპის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი რადიკალურად დააფიქრებს ირანს და ხელს შეუშლის, რათა განახორციელოს იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური გეგმები, რომლებიც ამ ქვეყანას აქვს“, - განუცხადა "2020NEWS“-ს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა. 

ამავდროულად, ექპერტი ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების თაობაზე საუბარი გადაჭარბებულია.

- ბატონო ვანო, როგორ ფიქრობთ, ახლო აღმოსავლეთში მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ვადევნებთ თვალს?

- ყველა მონაცემითა და ისტორიული მაგალითებით, ამ ეტაპზე მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით პროგნოზები გადაჭარბებულია.
ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი ძალიან დიდი ხნის წინ, ირანის მიერაა წამოწყებული. გენერალი ყასემ სოლეიმანი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ეს რეალობა შექმნა. სოლეიმანმა ამერიკის წინააღმდეგ რელიგიური დაჯგუფებები შექმნა. ეს პროცესი დაიწყო ირანში „ჰეზბოლას“ შექმნით, გაგრძელდა ერაყში, სირიასა და იემენში.
ირანი ცდილობს, რომ სიტიუაცია კულმინაციურ წერტილამდე მივიდეს და ამისთვის კოლოსალურ თანხებს ხარჯავს.
სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აღასრულეს და რასაც სოლეიმანის სიცოცხლე შეეწირა.

- იმას, რასაც პრეზიდენტები ბარაკ ობამა და უმცროსი ჯორჯ ბუში ვერ ბედავდნენ, გაბედა პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორ ფიქრობთ, სწორი იყო სიტუაციის ასე გართულება ირანთან?

- ირანის გაძლიერება, სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შემდეგ განხორციელება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ე.წ. მცოცავ გეოპოლიტიკურ დომინაციას გულისხმობს, „ჰესბოლას“ შექმნით დაიწყო. შემდეგ ირანმა დაინახა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სისუსტეები, რომ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა და საკუთარი მოქმედების არეალი გააფართოა.
შესაძლებელია, ტრამპის მიერ მიღებული ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის არქიტექტორი და სულისჩამდგმელი გენერალი სოლეიმანი გაანეიტრალა. ტრამპის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი რადიკალურად დააფიქრებს ირანს და ხელს შეუშლის მას, რათა განახორციელოს იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური გეგმები, რომლებიც ამ ქვეყანას აქვს.

- ჩვენ ვნახეთ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე შეკრებილი ათასობით ადამიანი, რომლებიც გენერალს გლოვობდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ გენერლის ლიკვიდაციით ამერიკამ ირანი შეურაცხყო და შურისძიებას ითხოვენ. ხომ არ ფიქრობთ, ტრამპის გადაწყვეტილებით, პირიქით, მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება?

- ირანი არის ტოტალიტარული, დეპრესიული და ძალიან საშიში ქვეყანა. გენერლის სიკვდილის გამო, მასობრივი ისტერიკა არ უნდა გაგვიკვირდეს. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი სამხედრო და ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდულია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტი ტრამპის სანქციების ფონზე.
ცხადია, რომ ირანი არც სუიციდური ქვეყანაა. ის არის სახელმწიფო, რომელმაც იცის ვაჭრობა საკუთარი ინტერესების დასაცავად. ცხადია, მათ კარგად ესმით, რომ სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური შანსები არ აქვთ. გარდა ამისა, დასავლეთის ძლიერმა სახელმწიფოებმა მხარდაჭერა ამერიკას გამოუცხადეს. ეს ყველაფერი ირანმა უნდა გაითვალისწინოს.

- ძალიან მნიშვნელოვანია პუტინის პოზიცია. გუშინ ის სირიაში ჩავიდა, დღეს - თურქეთში. რაზე მიუთითებს მისი ეს ნაბიჯები?

- რუსეთი თავის ნაბიჯებში ყოველთვის რბილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. არც პუტინია სუიციდური პოლიტიკოსი. მას ძალიან კარგად ესმის, თუ ვისთან აქვს საქმე. კარგად იცის, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ამერიკის მხარდამჭერ პოზიციას დაიკავებს.
ცხადია, ირანის როლი რეგიონში დესტრუქციულია. რუსეთს აწყობს ასეთი არეულობა, რუსეთი შეეცდება პოზიციონირებას არა იმიტომ, რომ მოაგვაროს პრობლემები, არამედ იმისთვის იპოვოს თავისი როლი, ხაზი გაუსვას თავის მნიშვნელობასა და ამითი გაიმყაროს შიდა, თუ რეგიონალური პოზიციები, მაგრამ ზედმეტ ნაბიჯს არ გადადგამს.

- ანუ რუსეთი სამხედრო ძალას არ გამოიყენებს?

- თუ კარგად დავაკვირდებით რუსეთის მოქმედებებს, მივხვდებით, რომ არასდროს შედის ღია კონფრონტაციაში ამერიკასთან. რუსეთი შეეცდება, იყოს შუამავალი, რათა არ დაკარგოს ბალანსი და ადგილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით დაირღვა. გენერლის ლიკვიდაციით ხომ ირანის გეგმები შეიცვალა.

- ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე რა ფორმით შეიძლება, რომ აისახოს?

- მე არ ვიზიარებ იმ ექსპერტების შეფასებებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოზე. ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებები და ომი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ პროცესში საქართველო ისედაც ჩართულია. ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში დიდი წვლილი შეაქვს.
ისიც ცხადია, რომ საქართველოს შესაძლებლობები მკვეთრად უნდა იყოს დაფიქსირებული და სალომე ზურაბიშვილმა არ უნდა გააკეთოს ისეთი განცხადებები, როგორიც სჩვევია და არ უნდა დაადანაშაულოს ტრამპი მსოფლიო მშვიდობისა და რეგიონალური უსაფრთხოების შერყევაში. ჩვენ უნდა დავიჭიროთ ის პოზიცია, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და გამოსადეგია.
საქართველო დიპლომატიურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით უკვე ჩამოყალიბებულია. საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს მოკავშირეებთან და ასე ვთქვათ, მომართული იყოს იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, სარგებელი თუ არა, ზარალი მაინც არ მიიღოს.

- საქართველომ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს?

- თუ ამერიკას დასჭირდება საქართველოს მხარდაჭერა, იქნება ლოჯისტიკური, თუ სატრანსპორტო, ეს დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ.

- ანუ ამერიკამ საქართველოს ტერიტორია შესაძლოა, სამხედრო ბაზად გამოიყენოს...

- ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში დიდი რაოდენობის სამხედრო ბაზები აქვს, იქნება ეს ომანში, გაერთიენებულ ემირატებში, მათ შორის, ერაყში, საუდის არაბეთსა და თურქეთში. უზბეკეთსა და ყირგიზეთშიც აქვს ბაზები, რომლებიც ემსახურებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო შენაერთების უზრუნველყოფას ავღანეთის ოპერაციაში.
დღეს ამერიკას საჭიროება ნამდვილად არ აქვს, რომ საქართველო ტერიტორია ბაზად გამოიყენოს, მაგრამ თუ დადგება საჭიროება, საქართველომ ამერიკას მხარი მაქსიმალურად უნდა დაუჭიროს. ეს მხარდაჭერა საქართველოსაც მოუტანს უსაფრთხოების გარანტიებს, ფინანსურ სარგებელსა და გეოპოლიტიკურადაც კონკრეტულად გამოჩნდება, სად არის საქართველო პოზიცირებული.