ვიდრე ტრამპი გაისვრის - ამერიკა-ირანის დაპირისპირება ტრამპლინი ირან-ისრაელის ომისთვის?!
ვიდრე ტრამპი გაისვრის - ამერიკა-ირანის დაპირისპირება ტრამპლინი ირან-ისრაელის ომისთვის?!

A+ A-

19:41 08/01/2020

მსოფლიო ახალი დღის წესრიგისა და მოცემულობის წინაშე დადგა. ორ გიგანტურ სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ირანს შორის დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია.

სადამდე მივა ეს დაპირისპირება, იწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი, დაარტყამს თუ არა ისრაელს ირანი და რა საფრთხის წინაშე დგება საქართველო?

ეს არის ბრძოლა ნავთობისთვის, თუ მსოფლიო გადანაწილების მორიგ სერიას იხილავს კაცობრიობა? ამ და სხვა საკითხებზე “2020NEWS” “არსენალის“ მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

ამერიკა-ირანის დაპირისპირება - ბრძოლა ნავთობისთვის...

გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციამ რადიკალურად განსხვავებულ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება გააღრმავა და მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის ფუნდამენტურ საკითხად ამერიკა-ირანის დაპირისპირება აქცია.


აქტიური ავიადარტყმები, შეტევები სამხედრო ბაზებზე, ლიდერების ხმაურიანი განცხადებები , საპროტესტო ტალღები და სრული ვნებათაღელვა მსოფლიო საზოგადოებაში.

„ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულობა დღეს არ წარმოქმნილა. ქვეყნებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ რამდენი ათეული წლის წინ დაიწყო, განსაკუთრებით საგულისხმოა1980 წელი, როდესაც თეირანში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე იერიში მიიტანეს და მძევლები აიყვანეს. ამერიკასა და ირანს შორის დაპირისპირება ეფუძნება ძალების ახალ გადანაწილებას, ასევე აქ არის ნავთობის თემა და სხვა საკითხვებიც, რომლებიც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდირება კი ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა, რამაც რეგიონში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა.
დაპირისპირებაში მთავარი და ფუნდამენტური არის ის, რომ ბრძოლა კულისებს მიღმა მიმდინარეობს

თუ აქამდე იყო ის მოცემულობა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო პოლიტიკური ბერკეტები დომინირებდა, უკვე 2015 წლიდან რუსეთი გამოჩნდა, ჩაერთო სირიის სამოქალაქო ომში, გაგზავნა რუსული სამხედრო ძალები და ნელ-ნელა ნათელი გახდა, რომ ბალანსი იცვლებოდა.

რუსეთი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული გავლენები შეამციროს“, - აცხადებს ალადაშვილი.

პასუხის პასუხი - თუკი ტრამპი გაისვრის, თეირანი კი დაარტყამს ხაიფას...

„ამ ყოველივეს ემატება ირანის ისტორიული ინტერესი, რომ რეგიონში გაძლიერდეს. ირანმა შეძლო სირიისა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ბაზები გაეძლიერებინა და ნელ-ნელა, ასე გაძლიერებული თავის მტერს, ისრაელს მიუახლოვდა. სწორედ ეს არის რეგიონის მთავარი პრობლემა.

ადრე თუ გვიან ირანსა და ისრაელს შორის, რაღაც მოხდება. აქამდე ეს იმიტომ, არ ხდებოდა,რომ საერთო სახმელეთო საზღვარი არ ჰქონდათ. ეხლა ,როდესაც ირანული ძალები სირიაში აღმოჩნდნენ მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო შესაძლებელი გახდა.

თუმცა, ისრაელის პარტიონი ამერიკის შეერთებული შტატებია, ტრამპს არაერთხელ გამოუმჟღავნებია კეთილგანწყობა ისრაელის მიმართ და ამასთან ერთად ამერიკაში სერიოზული ებრაული ლობი არსებობს.
არ არის გამორიცხული ,რომ ირან-ისრაელის დაძაბულობა ცუდ რამეში გადაიზარდოს, რაც არამარტო რეგიონზე არამედ მთელ მსოფლიოზე გავლენას მოახდენს“, - აცხადებს ალადაშვილი.

ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანი აპირებს, დაარტყას ისრაელსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებს. სარაკეტო დარტყმის სამიზნე ქალაქები ჰაიფა (ისრაელი) და დუბაი (ემირატები) იქნებიან. ამას ირანი იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ შეერთებული შტატები ერაყის ბაზების დაბომბვის გამო, ირანის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს.

ამ თემის კომენტირებისას “2020NEWS”-თან ალადაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტის ფარგლებში ყველაფერია მოსალოდნელი და ირანს თავისი ძლიერი სარაკეტო რესურსებიდან გამომდინარე , რეგიონში საჰაერო იერიშის განხორციელება შეუძლია:

„ამ დაპირისპირებაში სახელმწიფოები საკუთარ იმიჯზე ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ ერთმანეთს პასუხი აუცილებლად უნდა გასცენ.
ირანელი გენერლის სიკვდილის შემდეგ, ირანი დაემუქრა აშშ-ს და დაიწყო საპასუხო ქმედებები, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უმოქმედოდ არ დარჩება. ყველა შეიარაღებული კონფლიქტი ასე იწყება.

ამ კონფლიქტისგან ყველაფერია მოსალოდნელი, პირველ რიგში, ეს იქნება საჰაერო დარტყმები, რადგან ირანს სხვადასხვა სიშორეზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გააჩნია. მათ შორის. ისეთი ტიპის რაკეტა,რომელიც 2000 კილომეტრზე შორსაც ფარავს ამ რეგიონს და ირანიდან წვდება, როგორც ისრაელს, ისე საუდის არაბეთსა და იმ ამერიკულ სამხედრო ბაზებს ,რომლებიც ქუვეითში, იორდანიასა და ყატარშია განთავსებული“, - აცხადებს ალადაშვილი.

ბირთვული საფრთხე საქართველოსა და რეგიონისთვის - რისი ეშინია აშშ-სა და ისრაელს?!

უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ჩნდება კითხვა, სადამდე მიგვიყვანს აშშ-ირანის დაპირისპირება და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რეგიონში?
ალდაშვილი თქმით, ირან-ამერიკის დაპირისპირება შეიძლება ასე განვითარდეს:

„ ყველა შემთხევაში ირან-ამერიკის დაპირისპირებისას ნავთობის ფასი გაიზრდება, ეს პროცესი კი უკვე დაწყებულია. ფასის მატება რათქმაუნდა ყველა ჩვენგანზე იმოქმედებს.
მეორე შემთხვევაში კი თუკი კონფლიქტი მარტო საჰაერო წერტილოვანი დარტყმებით არ შემოიფარგლება და მხარეები სახმელეთო დაპირისპირებაზე გადავლენ მაშინ, სხვა მოცემულობა დადგება.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ეშინია ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას, რადგან იარაღის გადამტანი საშუალებები, ბალისტიკური რაკეტები გააჩნია და თუ ირანმა შემქნა ბირთვული ქობუნი, რომლის განთავსება ბალისტიკურ რაკეტებში შეეძლება, ირანი უკვე ბირთვული სახელმწიფო ხდება. მას უკვე სხვა ამბიციები და ინტერესები გაუჩნდება.

სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამერიკამ და ისრაელმა ირანის ატომურ ელექტროსადგურებს და იმ ელექტროსადგურებზე განახორციელოს საჰაერო წერტილოვანი დარტყმები, სადაც ურანის გამდიდრება ხდება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რადიოაქტიული იზოტოპების დიდი რაოდენობით ატმოსფეროში გამოსვლა მოხდეს და ჰაერის მასების გადაადგილების დროს შეიძლება მთელ რეგიონში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მიმართულებითაც გავრცელდეს.

ასევე უნდა ითქვას,რომ თუ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია შეიძლება დღის წესრიგში იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილების საკითხი დადგეს. ისინი შეეცდებიან, საჰაერო დაბომბვებსა და დაპირსპირებას თავი აარიდონ.


ლტოლვილები დაიძვრებიან თურქეთისკენ, სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ. შემდგომ შესაძლოა, საქართველოშიც შემოაღწიონ, მითუმეტეს, საქართველოში ბევრი ირანელი ბიზნესმენებია ფეხმოკიდებული, ისინი იფიქრებენ თავიანთი ნათესავების, ახლობლების გადარჩენაზე და ეცდებიან, რომ კონფლიქტს გაარიდონ“, - აღნიშნავს ალადაშვილი.

პუტინის კარის თამაშები ასადსა და ერდოღანთან

7 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტი რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, მოულოდნელად, სირიაში ჩაფრინდა და ქვეყნის ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.
აუდიციენციის მთავარი განსახილველი თემა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები იყო. თუმცა ლიდერების შეხვედრის დამატებითი დეტალები მედიისთვის კარს მიღმა დარჩა.
ასადთან შეხვედრის შემდეგ, პუტინმა ოფიციალური ვიზიტით, 8 იანვარს უკვე თურქეთში გადაინაცვლა.


ცხადია, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირების ფონზე, რუსეთი სასაუბროდ ჯდება ისეთი სახელმწიფოების ლიდერებთან, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
რას ნიშნავს, ოფიციალური რუსეთის ნაბიჯი და დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე რას სვლებს ასრულებს პუტინი, ამ კითხვებზე ალადაშვილი ასე გვპასუხობს:

„ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან, ამ სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა ახლო აღმოსავლეთში გასვლა, XIX საუკუნეში ნავთობის საკითხი წამყვანი თემა არ იყო, თუმცა მეფის რუსეთი ინდოეთის ოკეანისკენ ცდილობდა გაფართოებას.

საბჭოთა პერიოდში კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს, საბჭოეთის გავლენა ერაყსა და სირიაში ძალიან დიდი იყო.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მან ჩეჩნეთის პრობლემის მეტნაკლებად მოგვარება და ახლო მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის ოკუპირება მოახერხა.

2015 წლის შემოდგომიდან რუსეთი უკვე ჩაერთო სირიის სამოქალაქო ომში და ამ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი. მან სირიაში სერიოზული სამხედრო დაზვერვა შექმნა, ასევე გააკეთა საჰაერო ბაზები და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დღემდე ქმნის არაერთ ბაზას, სადაც მანამდე ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.

ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელების გაძევების, ჩანაცვლების მცდელობა სახეზეაა. ხდება ამერიკელი ჯარისკაცების რუსებითა და ირანელებით ჩანაცვლება.

რუსეთს ყველანაირად აწყობს, რომ ამერიკა ირანთან დიდ ომში ჩაითრიოს, ისევე როგორც, ეს მოხდა ვიეტნამში. ახლა თუ ამერიკა ირანთან სახმელეთო ომის ოპერაციებში ჩაერთვება , ეს რუსეთისთვის დიდი პლუსი იქნება.

ირანთან სახმელეთო ომი ეს არ არის ალბანეთთან ომი, რადგან ირანს სერიოზული არმია ჰყავს. მას შეუძლია პარტიზანული და შეტევითი ომების წარმოება.
რუსეთის ინტერესშია, ამერიკა ორ, ავღანეთისა და ირანის ომში ჩაითრიოს“, - აცხადებს „არსენალის“ რედაქტორი.

ომი, რომელიც არ აწყობს საქართველოს!

ექსპერტი აცხადებს, რომ ირან-ამერიკის ომი ყველაზე მეტად საქართველოს არ აწყობს, რადგან ეს პროცესი პიერდაპირ კავშირში იქნება ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში ინტეგრაციის შეფერხებასთან.

„საქართველოს ეს ომი არანაირად არ აწყობს, განა იმიტომ, რომ ვთქვათ, საქართველოდან დაბომბავენ ირანს, ეს ტექნიკურად შეუძლებელია.
საქართველოს საჰაერო სივრციდან ირანამდე რაკეტები ვერ მიაღწევს, თუ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე არ გაიარა.

მეორე ცუდი ფაქტორი ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ინტერესი ამ ომში წავა. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ გაფართოება შეფერხდება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება პრობლემატური გახდება. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი რესურსები ამ ომში წავა“. - განუცხადა ალადაშვილმა "2020NEWS”-ს.