24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განყოფილების უფროსი იყო
24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განყოფილების უფროსი იყო

A+ A-

11:47 09/01/2020

24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული 5 იანვარს მათი შუამდგომლობის შემდეგ გადააყენეს, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, პროკურატურამ 8 იანვარს ამავე საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ მისი დედა ცნეს. ასევე, დაზარალებულად არის ცნობილი მუხრან ჩხვირკია, რომელიც გარდაცვლილთან ერთად სცემეს.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ვარკეთილის "დამპალოს" სასაფლაოზე კონფლიქტი, რა დროსაც, შსს-ს თანამშრომელმა 24 წლის მურად წურწუმია მოკლა, მანქანის გამო დაიწყო. საგამოძიებო უწყების ვერსიით, გარდაცვლილი და მისი ძმა ბრალდებულ ზ. ფ.-ს ავტომანქანას "მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ". ამასთან, პროკურატურა ადასტურებს, რომ სასაფლაოზე ბრალდებულთან ერთად კიდევ ერთი პირი - ვ.ბ იმყოფებოდა, თუმცა, საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მხოლოდ ზ.ფ-მ მიაყენა. ასევე მხოლოდ მას ედება ბრალად გარდაცვლილის ძმის ცემა, თუმცა, "მტკიცებულებათა მოპოვება" გრძელდება.

შეგახსენებთ, 24 წლის მურად წურწუმია 3 იანვრის დილით ვარკეთილის ე.წ. "დამპალოს სასაფლაოზე" ნაწამები იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავი - გატეხილი. 

მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა.  როგორც ის ყვება,   მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი. 

ოჯახის ინფორმაციით, მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმიამ - ვერა. მურად წურწუმიას ძმის, დიმა ჩხირკვიას ინფორმაციით, გაქცეულმა მუხრან წურწუმიამ მისი ძმის ყვირილი გაიგონა და ადგილზე დაბრუნდა, თუმცა მურად წურწუმია ვეღარ იპოვნა, სავარაუდოდ ის ამ დროს მანქანაში იყო. ამის შემდეგ მუხრან წურწუმია სახლში დაბრუნდა.

დიმა ჩხირკვიას თქმით, მუხრან წურწუმიას სახლში დაბრუნების შემდეგ მათ პოლიცია გამოიძახეს. მისივე თქმით, ისინი მთელი ღამით, კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ეძებდნენ ვარკეთილის ტერიტორიაზე მურად წურწუმიას, თუმცა ის ვერ იპოვეს.

მურად წურწუმიას ძმის ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის მათ პოლიცია დაუკავშირდა და უთხრა, რომ ვარკეთილის მე-10 მიკრორაიონში ნაცემი პიროვნება იპოვეს და ოჯახის წევრებს ფოტოს საშუალებით მისი ამოცნობა მოთხოვეს. ფოტოზე ოჯახის წევრებმა მურად წურწუმია ამოიცნეს.

ამის შემდეგ დიმა ჩხირკვიას თქმით, სანამ ოჯახის წევრები მე-10 მიკრორაიონში მივიდნენ, მურად წურწუმია საავადმყოფოში გადაიყვანეს - ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მისივე თქმით, მას ექიმმა უთხრა, რომ "ის გამეტებული იყო სასიკვდილოდ" და "მისი ტვინი აფეთქებული იყო".