დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 2 თვის ვადაში უნდა გაიმართოს
დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 2 თვის ვადაში უნდა გაიმართოს

A+ A-

12:10 12/01/2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორი თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ რუსულ მედიას დე ფაქტო ცესკოს წევრმა გივი გაბნიამ განუცხადა.

„ცესკომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი 5 დღის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს და ორი თვის განმავლობაში უნდა ჩაატაროს. არჩევნებში მონაწილეობა ყველა კანდიდატს, მათ შორის ხაჯიმბას და კვიციანასაც შეუძლიათ“, - განაცხადა გაბნიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის სექტემბერში, ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%. 

2020 წლის 10 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზმა აქტივისტებმა, რომლებიც 9 იანვარს სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. 

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, ხაჯიმბამ კი თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.