ბიძინა ივანიშვილს მამუკა ხაზარაძესთან კარგი ურთიერთობა რომ ჰქონოდა, ანაკლიის პროექტს დააფინანსებდა - გიორგი ქობულია
ბიძინა ივანიშვილს მამუკა ხაზარაძესთან კარგი ურთიერთობა რომ ჰქონოდა, ანაკლიის პროექტს დააფინანსებდა - გიორგი ქობულია

A+ A-

11:17 13/01/2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია “2020NEWS” -თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ანაკლიის პორტი არ უნდა აშენდეს, რადგან მას პოლიტიკურ-ეკონომიკური სარგებელი არ გააჩნია.

ამასთან, როგორც ქობულია აღნიშნავს, “ქართულმა ოცნებამ“ თავად არ იცის უნდა თუ არა ანაკლიის პორტის აშენება. “იმაზე დაბნეულები არიან, ვიდრე იყვნენ“, აცხადებს ყოფილი მინისტრი “ქართული ოცნების“ შესახებ.

ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ “უვარგის პროექტს“ (გულისხმობს ანაკლიის პორტს) “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში დააფინანსებდა, თუ მას “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელთან მამუკა ხაზარაძესთან კარგი ურთიერთობა ექნებოდა.

გიორგი ქობულია: აბსოლუტურად აშკარა იყო, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვერ გაართმევდა თავს ინვესტორების მოზიდვას. ანაკლიის პროექტი არ ვარგა, რადგან ის, დიდი ალბათობით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დადებით წვლილს ვერ შეიტანს.

-ბატონო გიორგი, რა არგუმენტებზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ ანაკლიის პროექტი “არ ვარგა“?

-ის ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტში უნდა განხორციელდეს, გამართლებული ვერ იქნება იმ ტვირთბრუნვებით, რომლებსაც ეს პორტი მოიზიდავს. ანუ ანაკლიის პორტი წამგებიანი პროექტი იქნება. ის, რასაც მე გეუბნებით, საზოგადოების უმრავლესობას არ ესმის, ან არ აინტერესებთ გაგება. მათ აწყობთ, რომ იძახონ, ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ვითომ რუსები გვიშლიან ხელს აღნიშნულის განხორციელებაში, რაც აბსოლუტური ტყუილი და დიდი სისულელა.

იქედან გამომდინარე, რომ პროექტი არ ვარგა, ივესტორებიც ვერ მოიზიდეს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც, მაგალითად, EBRD -მა, OPIC -მა და ა.შ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ დიდი კითხვის ნიშნები აქვთ.

-არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტი საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური განვითარებისთვის. ასევე, ექსპერტები და საერთაშორისო საზოგადოებაც მხარდაჭერას უცხადებენ ანაკლიის პორტს... 

-ეს არის დეკლარირებული შეძახილები. მე შემიძლია დავდგე და გავიმეორეო, რომ ანაკლიის პროექტი სტარტეგიული და მნიშვენლოვანია. წლების განმავლობაში ხაზარაძე-ჯაფარიძემ თავი გამოიდეს და ანაკლიის პორტის ასაშენებლად ივესტიცია ვერ შეკრიბეს. ვერც ერთ ინვესტორეს ვერ დაუმტკიცეს, რომ ანაკლიის პორტი კარგი პროექტია.

მათ (ხაზარაძე-ჯაფარიძე) ივესტორები ვერ შეკრიბეს იქამდეც, სანამ ბიძინა ივანიშვილთან კონფლიქტი ექნებოდათ. ერთადერთი, რაც  შეიძლება, კონსორციუმმა ბიძინა ივანიშვილს განაწყენებულებმა უთხრას არის ის, რომ შენ ხომ სხვა ბევრ სისულელესაც აფინანსებ, ამიტომ მოდი ჩვენი პროექტიც დააფინანსე. ეს ხომ სწორი არ იქნება.  

-მთავრობის მიერ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ანაკლიის პორტი საერთოდ აღარ აშენდება?

-შეიძლება, აშენდეს, მაგრამ გააჩნია რა პირობებით.

თუ სახელმწიფომ უცებ გადაწყვიტა, რომ პროექტი თავად დააფინანსოს და ისე ააშენოს, როგორც აკეთებს ბევრ სხვა პროექტს, რომელსაც არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ გააჩნია, მაშინ შეიძლება, აშენდეს. პრინციპში, ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლიის პორტი საჭირო ნამდვილად არ არის, რაც ვერავინ გაიგო.

-მინისტრობის პერიოდში კარგად იცოდით  “ქართული ოცნების“ ლიდერების განწყობები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. რეალურად, “ოცნებას“ აღნიშნული პროექტის განხორციელება სურს?

- ჩვენმა ხელისუფლებამ საერთოდ არ იცის, რა უნდა და რა არ უნდა, ამაშია მათი პრობლემა.

იმაზე დაბნეულები არიან, ვიდრე იყვნენ. ჩვენი ხელისუფლების პარტიის ხელმძღვანელს (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი) მამუკა ხაზარაძესთან კარგი ურთიერთობა რომ ჰქონოდა, კარგია თუ ცუდი, ანაკლიის პროექტს მაინც დააფინანსებდა. რადგან ივანიშვილს ხაზარაძესთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, ანაკლის პროექტს არ აფინანსებს და სწორადაც იქცევა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე