"რუსთავი 2"-ის შენობას ე.წ "მუხა" ესროლე, მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით..."- ეროსი კიწმარიშვილი
"რუსთავი 2"-ის შენობას ე.წ "მუხა" ესროლე, მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით..."- ეროსი კიწმარიშვილი

A+ A-

11:54 13/01/2020

“2020NEWS” აგრძელებს “რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას:

„2003 წლის 20 დეკემბერს „რუსთავი 2-ის შენობას ე.წ “მუხა” ესროლეს. მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით. ბომბი ფანჯარას ასცდა და კედელს მოხვდა, თორემ ოთახში აფეთქდებოდა და იმ დროს “კურიერის” სტუდიაში  მომუშავე ხალხს დახოცავდა. ამას გარდა, ხანძარს მთელი აპარატურის გადაწვა შეეძლო. რთული დრო იყო და რომელიმე ჩვენგანის სიკვდილს უმართავი სიტუაციის გამოწვევა შეეძლო. პირადი დაცვა გიორგი სანაიას სიკვდილის შემდეგ ავიყვანე. ჟვანიას დაცვის 5 წევრი შემცირებაში მოყვა და ჩემს დაცვის სამსახურში ავიყვანე. რევოლუციის შემდეგ ჟვანიამ და სააკაშვილმა დაჯავშნული ავტომანქანით სიარული მომთხოვეს. საუბარი იყო  ბურჯანაძის, სააკაშვილის ან ასლან აბაშიძის ნაქონი ავტომანქანით მესარგებლა, მაგრამ შემდეგ დაჯავშნული ავტომანქანები თავად დაიტოვეს და ჩემთვის არაფერი მოუციათ. ამ აფეთქების შემდეგ იძულებული გავხდი, ჩემს უსაფრთხოებაზე მეტი ყურადღება გამომეჩინა და ბიზნესმენმა დათო ზოდელავამ თავისი ძველი ამერიკული ჯიპი მათხოვა. სასაცილო სანახავი ვიყავი, თუ როგორ დავდიოდი ამ “კონსერვის ქილით”. დათოზე მადლობის მეტი რა მეთქმოდა. მას აქვს “ნანის ვენახები“, რუსეთში ეკუთვნოდა კომპანია „ტარო ვაინია“. ამჟამად, თუ არ ვცდები, საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ცხოვრობს. იმ პერიოდში მას ეს დაჯავშნული ავტომანქანა აღარ ჭირდებოდა და მე მათხოვა.

ამ პერიოდში გაჩნდა სახელგანთქმული სლოგანი „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“, რომელიც მაშინდელ ოპოზიციას დღემდე ყურს ჭრის და შემდეგ ეს სალანძღავ სიტყვად აქციეს. ჩვენ დავიწყეთ ტელევიზიის რებრენდინგი, ვინაიდან ტელევიზიის იმიჯის მნიშვნელოვანწილად “ვარდების რევოლუციას” მოვახმარეთ. გვსურდა იმ ხალხის შემობრუნება, ვინც რევოლუციის მხარდამჭერი არ იყო; იმათიც, ვინც რევოლუციას მხარს უჭერდა, მაგრამ რისთვისაც იბრძოდა, ის შედეგი მაშინვე ვერ მიიღო. ბუნებრივია, ბევრს ეგონა რომ რევოლუციის მერე გავიღვიძებდით და უცებ ახალ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით. ჩვენ რევოლუციიდან დისტანცირებას ვერ მოვახდენდით, პირიქით, მის პოზიტიურ როლზე ვსაუბრობდით და ამის გამო გაჩნდა ეს სლოგანიც, რომელიც ჩემი ინიციატივით,  ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფონზე მიდიოდა.

პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებდა, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი გარდაიცვალა. ნინო ბურჯანაძე ბაქოში სამძიმარზე წასვლას აპირებდა და საპრეზიდენტო რეისით შევარდნაძეც თან უნდა წაეყვანა. გეგონებოდა ვითომ ეს შევარდნაძე რამდენიმე დღის წინ არ დაგვემხო. თითქოს არაფერი მომხდარა, ვითომ ვადის ამოწურვის შემდეგ გადადგა და თავის მემკვიდრესთან ერთად, თავისი მეგობრის დასაფლავებაზე მიემგზავრებოდა. ნინოსთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა და ამიტომ, ჟვანიას დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემთვის ბურჯანაძის საქციელი მიუღებელი იყო. საზოგადოებაც ნეგატიურად აღიქვამდა მის ამ საქციელს და შევარდნაძე პრეზიდენტის რეისით არ წაეყვანა.

ამის შემდეგ შევარდნაძე თავად ჩავიდა ბაქოში. მე მისი გაწვალება არ მდომებია, უბრალოდ გუშინ კაცი დავამხეთ და დღეს ისევ ჩვენთან ერთად დადის, ეს რა ლოგიკაა?! - ამან ბურჯანაძე გაანაწყენა, თუმცა ვთვლი, რომ ეს ამბავი ჟვანიასთანაც შეთანხმებული იყო და ისიც ნინოს ეთანხმებოდა, რაც მე კატეგორიულად მიუღებელად მიმაჩნდა. 

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში რუსეთის ხელისუფლებისგან ძებნილი ბორის ბერეზოვსკი იყო ჩამოსული. გავგიჟდი. ბადრი პატარკაციშვილთან ჩამოვიდოდა, აბა სხვასთან ვისთან? ვიცოდი, რომ შევარდნაძის დროს ის და რომან აბრამოვიჩი არცთუ იშვიათად სტუმრობდნენ ბადრის, მაგრამ რევოლუციის შემდეგ როგორ გაბედა აქ ჩამოსვლა? ეს ჩემს გეგმაში არანაირად არ ჯდებოდა, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის გამოკეთებას ხელს ნამდვილად არ უწყობდა, ჩვენ კიდევ ეს მიზანი დავისახეთ.

ვალერი ხაბურძანიამ ვიდეოკასეტა მომცა, სადაც ნათლად ჩანდა ბორის ბერეზოვსკიმ, ჩემთვის უცნობ ქალთან ერთად თუ როგორ გადმოკვეთა აეროპორტში “ვიპ” შემოსასვლელით სახელმწიფო საზღვარი.

ბუნებრივია, ეს ტელევიზიით ვაჩვენე და რუსულ საიტებზე მომენტალურად გაჩნდა ეს ინფორმაცია, რასაც რუსეთის გაღიზიანება მოჰყვა. ამის შემდეგ ჩვენი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ ჩამოვიდა ბერეზოვსკი.

მე სააკაშვილს დავურეკე და ვკითხე, რა უნდოდა ბერეზოვსკის თბილისში. ბუნებრივია, ბადრისთან იყო, მაგრამ კიდევ ვინ მიიწვიეს ამ შეხვედრაზე? ამაზე სააკაშვილმა პირში წყალი ჩაიგუბა, არაფერი მიპასუხა. ვერაფერს მივხვდი. ჩემთვის, ძნელი საფიქრებელი გახლდათ, რომ რევოლუციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჟვანიამ და სააკაშვილმა ბერეზოვსკისთან მეგობრობა დაიწყეს. ვხვდებოდი, რომ ესენი უჩემოდ რაღაც გარიგებებს დებდნენ, შეხვედრებს აწყობდნენ, მაგრამ იყო რაღაც, რასაც მაშინ ვერ დავუშვებდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ბადრისთან შეხვედრას ჟვანია, სააკაშვილი და ვანო ჩხარტიშვილიც ესწრებოდნენ. ბერეზოვსკი კი ამათი თანხმობით ჩამოსულა და რაღაც მოლაპარაკებებს მართავდა.

სანამ ამ ყველაფერს გავაანალიზებდი, ჟურნალისტმა ინტერვიუ სთხოვა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვალერი ჩხეიძეს. მას ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა საერთაშორისო ძებნილმა, ავანტიურისტმა  ბერეზოვსკიმ საქართველოში შემოსვლა?

ვალერი ჩხეიძემ უპასუხა, რომ ის აუცილებლად დასჯის მათ, ვინც გამოიჩინა სამსახურებრივი დაუდევრობა თუ გულგრილობა და ვერ დააფიქსირა საზღვრის უკანონოდ გადამკვეთი, მაგრამ ბერეზოვსკი თუ კიდევ გაბედავს ასეთი ფორმით აქ ჩამოსვლას, ის აუცილებლად განახორციელებს ყველა იმ ზომას, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

ამ ფრაზამ  ჩხეიძის კარიერა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. იგი ჯერ საბჭოთა უშიშროების საკადრო ოფიცერი და ავღანეთის ომის ვეტერანი იყო, მაგრამ შემდეგ საქართველოს სამსახურში ჩადგა და ამ კუთხით მის წესიერებაზე, ძალიან ბევრი ისტორია მომისმენია. ის რუსეთის სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობდა, პირიქით, ძალიან აქტიურად ეხმარებოდა აშშ-ის ცენტრალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ჩვენი უმთავრესი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურს წარმოადგენს.

ცოტა მოგვიანებით მან საბედისწერო შეცდომაც დაუშვა, რამაც მის კარიერას წერტილი დაუსვა. მან სააკაშვილს, საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ, საჩუქრად გადასცა ე.წ. ჯარის ალბომი. სააკაშვილი უშიშროების ჯარში მსახურობდა. სასაზღვრო ჯარები უშიშროების სისტემაში შედიოდა. მე არ დამავიწყდება სააკაშვილის სახე, როცა მან ნახა თავისი სამხედრო სამსახურის ამსახველი ფოტოალბომი: მიშა სამხედრო ფორმით, რუს სამხედროებთან  ერთად. იმ წუთში მისი სახე საშინელ გაღიზიანებას გამოხატავდა. ეს ორი ისტორია ვალერი ჩხეიძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

თუმცა ვალერი ჩხეიძე იმ მომენტში მოქმედებდა როგორც სახელმწიფო მოხელე, რომლის ამოცანა ზუსტად ეს იყო. ის პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი გახდა. როგორც ვიცი, მას ემუქრებოდნენ და აიძულეს გადამდგარიყო. ვალერი ჩხეიძე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკური ემიგრანტი იყო. ის დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. მას პირდაპირ სამაგიერო გადაუხადა ბადრი პატარკაციშვილმა. მას პასუხი აგებინეს “ზედმეტი” საუბრისთვის.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბერეზოვსკიმ უკრაინაში გადაბარგება განიზრახა. მიმაჩნია, რომ რაღაც კავშირი შეიკრა ბერეზოვსკის, ჩვენი რევოლუციის ლიდერებსა და უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერთა შორის. ბერეზოვსკიმ უკრაინის რადას დეპუტატ დავით ჟვანიას 15 მილიონი დოლარი გადასცა, რომლითაც ვიქტორ იუშენკოს საპრეზიდენტო კამპანია დაფინანსდა.

2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თბილისში უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იუშჩენკო ჩამოვიდა. ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე პირთან ერთად ის ისნის მეტროს სიახლოვეს მდებარე სომხურ რესტორანში წაიყვანა. ეს რესტორანი გარედან სადად გამოიყურება, მაგრამ უგემრიელეს სომხურ კერძებს: გუფთას, დაბეგვილ ხორცს, სომხურ ყველს ამზადებენ. ეს რესტორანი ზურა ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის საყვარელი ადგილია. ვანოც და ზურაც სამცხიდან არიან, ზურას ოჯახი მოგვიანებით გადასახლდა კახეთში. მათთვის სოფელ უდედან კარგად ნაცნობია ეს სომხური სამზარეულო.

აი ამ რესტორანში იუშენკოს მასპინძლობდნენ და სუფრის ერთმა წევრმა ჩემი სადღეგრძელო თქვა: მოდი, ეროსის გაუმარჯოს, რომელმაც ეს რევოლუცია გააკეთა, ქვეყანას შევარდნაძე და ეს კორუმპირებული ხალხი  მოაშორა, მისი ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, არაფერიც არ იქნებოდაო.

მას საუბარს ვანო უცბათ აწყვეტინებს და ქართულად, ძალიან აგრესიულად ეუბნება - რა სისულელეს ლაპარაკობ, რა შუაშია ეროსი და „რუსთავი 2“.  ეს ტელევიზია არ იქნებოდა და სხვა ტელევიზია გვექნებოდა, ჩვენ მაინც მოვიდოდით ხელისუფლებაში.

ამ პიროვნებას არ ვასახელებ, არ მინდა პრობლემები შეექმნას, დამირეკა და მითხრა, ესენი მე მგონი ვერ არიან, მგონი პრობლემები გექნება, მაგათ შენზე აკრეფილი აქვთო. მე ვუთხარი, რა სისულელეა, რამდენი ვიღაცა რაღაცას დაიბოდიალებს-მეთქი. ენის მიტან-მოტანა არასოდეს მიყვარდა. თუმცა რა გამოდიოდა, სააკაშვილმა და ჟვანიამ ბადრი ჩვენი მეგობარია და მასთან მარიგებენ, შემდეგ უჩემოდ რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბერეზოვსკისთან და ვანო მერაბიშვილი, რომელიც სააკაშვილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, იძახის - ეროსი რა შუაშია „ვარდების რევოლუციაშიო“. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა ჩავთვალე, რომ ეს მერაბიშვილის კერძო აზრი იყო და არა „რევოლუციის მამების.” ამაზე გაბრაზება არ შეიძლებოდა“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში.

გაგრძელება იქნება

1. ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

2. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

3. "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

4. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

5.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

6. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

7. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

8. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

9. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

10. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

11.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

12. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

13.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

14.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

15. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

16. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"