ამერიკელებმა წინასწარ იცოდნენ, ირანი რომ ბაზებს დაბომბავდა
ამერიკელებმა წინასწარ იცოდნენ, ირანი რომ ბაზებს დაბომბავდა

A+ A-

10:12 14/01/2020

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის მხრიდან, 8 იანვარს, ერაყში,  ირბილისა და ალ-ასადის ავიაბაზების დაბომბვის  შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მხარეს წინასწარ ჰქონდა.

„8 საათით ადრე ამერიკულმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა ალ-ასადის ავიაბაზაზე პერსონალი და იარაღი გამაგრებულ ბუნკერებში გადაიტანეს“, - ამის შესახებ სააგენტოს ორმა ერაყელმა ჯარისკაცმა განუცხადა.

როგორც ოფიცრებმა  სააგენტოს მიაწოდეს ინფორმაცია, შუაღამისთვის ყველა გამანადგურებელი და ვერტმფრენი ორივე ბაზიდან გადამალული იყო და  ამერიკულ მხარეს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა, როდის მოხდებოდა ირანის მხრიდან ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა.

„ამერიკელებს ეტყობოდათ, ზუსტად იცოდნენ, ბაზაზე თავდასხმა შუაღამის შემდეგ რომ მოხდებოდა.  როცა ბაზაზე რაკეტები დაეშვა, მათ დაარტყეს ცარიელ ბუნკერებს, საიდანაც ევაკუაცია რამდენიმე საათის წინ განხორციელდა,“ - აცხადებს „როიტერსის“ წყარო.

შეგახსენებთ, ირბილისა და ალ-ასადის ავიაბაზებზე, რომლებიც  ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, ირანისგან  განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ამ დღეებში ამერიკული და არაბული მედია წერდა სარაკეტო თავდასხმის შესახებ ირანმა ერაყი თავად გააფრთხილა. ერაყმა კი ინფორმაცია ამერიკელებს გადასცა.