რუსეთი ურჩობას არავის აპატიებს, მას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის შეცვლა არ გაუჭირდება - ვახტანგ ძაბირაძე
რუსეთი ურჩობას არავის აპატიებს, მას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის შეცვლა არ გაუჭირდება - ვახტანგ ძაბირაძე

A+ A-

11:38 14/01/2020

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “2020NEWS“-თან ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.  როგორც ექსპერტი სააგენტოსთან აღნიშნავს, აფხაზეთში პროცესებს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს, ამიტომ ოკუპანტი ქვეყანა ურჩობას არავის აპატიებს.  

“რუსეთი ურჩობას არავის აპატიებს. ოკუპანტი ქვეყანა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაფერს აკონტროლებს. ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების სათავეში, ყველას ძალიან მცირე შანსი ექნება იმისა, რომ საქართველოსთან არსებული სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს.

აფხაზეთის ე.წ. პირველი პირის  კომპეტენციაში საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა არ შედის.  იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისთვის მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტის პოზიცია და ქმედება მიუღებელი იქნება, მაშინ ოკუპანტ ქვეყანას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის შეცვლაც არ გაუჭირდება“, -  განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ძაბირაძე, ჯერჯერობით,  ვერ აკონკრეტებს, ვისი კანდიდატურა შეიძლება, დააყენოს რუსეთმა რაულ ხაჯიმბას ნაცვლად.  ხაჯიმბამ უკვე თქვა უარი, კვლავ მიიღოს მონაწილეობა  ე.წ.არჩევნებში,  როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა ექსმინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას, რომ საქართველოსთან ურთიერთოები უნდა დალაგდეს, ძაბირაძე  ასე აფასებს:

„საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობები პრაგმატულ პოლიტიკაზე დაყრდნობით უნდა გაუმჯობესდეს. საქართველოს პოლიტიკა ისე უნდა გატარდეს, რომ აფხაზეთმა არა მტრად, არამედ მეგობრად აღგვიქვან. აფხაზებმა უნდა ნახონ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომლისკენაც უნდა მიდიოდნენ. ჩვენ აფხაზებისთვის მიმზიდველი ქვეყანა უნდა გავხდეთ“

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები  22 მარტს გაიმართება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე