პატრიარქმა უნდა მოინანიოს, თუ გრძნობს მეორედ მოსვლის მოახლოებას - მეუფე პეტრე (ცაავა)
პატრიარქმა უნდა მოინანიოს, თუ გრძნობს მეორედ მოსვლის მოახლოებას - მეუფე პეტრე (ცაავა)

A+ A-

13:47 14/01/2020

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) “2020NEWS” -თან აფასებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  II -ის იმ განცხადებას, რომელშიც პატრიარქი ამბობს, რომ “მეორედ მოსვლა ახლოსაა“.

როგორც მეუფე სააგენტოსთან აღნიშნავს, პატრიარქმა შეცდომა დაუშვა, როცა აღნიშნული სახის განცხადება გააკეთა.

“პატრიარქმა ქადაგების დროს შეცდომა დაუშვა. მას რომ ეთქვა, მეორედ მოსვლა რამდენიმე წელში იქნებოდაო, ეს უფრო გამართლებული იქნებოდა. მახსენდება სიტყვები ამერიკაში მოღვაწე ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე მეუფე სერაფიმისა, რომელიც ამბობდა, რომ მეორედ მოსვლა ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია.

წმინდა წერილში მითითეულია, რომ მსოფლიო მმართველობა დამყარდება და გამოჩნდება ადამიანი, რომელიც სამწელიწადნახევარი იქნება პოლიტიკურ-რელიგიური ლიდერი. ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ თქმა იმისა, რომ აღნიშნული რამენიმე დღეში მოხდება, შეცდომაა.

პატრიარქმა უნდა მოინანიოს ის, რაშიც უფალმა მისი მხილება დაუშვა. მისი მხრიდან სინანული მაშინ იქნება დამტკიცებული, როცა პრეზიდენტისა და ხელისუფლებისგან ციხეში უდანაშაულოდ მყოფი მღვდლის გათავისუფლებას მოითხოვს. ეს იქნება საქმით დამტკიცებული სინანული. პატრიარქმა სინაულისკენ უნდა მოგვიწოდოს და საკუთარი მაგალითით გვიჩვენოს, თუ გრძნობს ჟამის მოახლოებას“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II -მ საკვირაო წირვაზე განაცხადა, რომ  „მეორედ მოსვლა ახლოსაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ“.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე