ივანიშვილსა და პლახოტნიუკს შორის მმართველობით სისტემაში ანალოგიები არის - გია ხუხაშვილი ამერიკულ შავ სიაზე
ივანიშვილსა და პლახოტნიუკს შორის მმართველობით სისტემაში ანალოგიები არის - გია ხუხაშვილი ამერიკულ შავ სიაზე

A+ A-

14:01 14/01/2020

ამერიკელებმა შავ სიაში მოლდოველი ოლიგარქი, „მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე“ ვლადიმერ პლახოტნიუკი შეიყვანეს და სანქციები დაუწესეს.  ოპოზიციაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ აშშ  სანქციებს  ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესებს.

„როგორც მოლდოვის, ისე საქართველოს შემთხვევაში საქმე ჩრდილოვან ავტორიტარიზმთან გვაქვს... ივანიშვილს სერიოზული ფიქრის საფუძველი აქვს, იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით გააკეთოს მასზე აქცენტი“, - ამის შესახებ “2020NEWS”-ს პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განუცხადა და ამერიკის მთავრობის მიერ, პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქების წინააღმდეგ  ბრძოლის დაწყების პროცესს გამოეხმაურა.

„პლახოტნიუკსა და ივანიშვილს შორის პირდაპირ ანალოგიებზე საუბარი არ მინდა, თუმცა, სამწუხაროდ, მათ შორის, გარკვეულწილად მსგავსება არის.

როგორც მოლდოვის, ისე საქართველოს შემთხვევაში, საქმე ჩრდილოვან  ავტორიტარიზმთან გვაქვს , რაც ამერიკულ სტანდარტებისთვის ყოვლად მიუღებელი და უცხოა.

ვფიქრობ, რომ  ბიძინა ივანიშვილს სერიოზული ფიქრის საფუძველი აქვს, იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება, სწორედ ამ მიმართულებით გააკეთოს მასზე აქცენტი.

დღეს, მთავარი პრობლემა არის XXI საუკუნის ანაქრონიზმი, ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი, რაც დიქტატურაშიც კი იშვიათად გვხვდება.

პლახოტნიუკი ვინ იყო?  იგი იყო პარტიის თავმჯდომარე, არანაირი ოფიციალური თანამდებობა მას არ ეჭირა, მაგრამ ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა.

მგონია, რომ ივანიშვილი პლახოტნიუკისგან განსხვავებით, ბევრად უკეთესი  პიროვნებაა. პლოხოტნიუკს გვარიც კი ისეთი აქვს, რაც პირდაპირ ცუდს ნიშნავს.  თუმცა,  ყოველივე ეს, არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილსა და პლოხოტნიუკს შორის მმართველობით სისტემაში ანალოგიები არ არის.

სამწუხაროდ, მათ შორის ანალოგიები არის და შესაძლოა,  ვიღაცამ ბიძინა ივანიშვილისკენ სწორედ ამ ანალოგიის ვექტორი გაავლოს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკის მთავრობამ  პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქებს  ბრძოლა გამოუცხადა . ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ  არაფორმალური მმართველობისა და კორუფციული გარიგებების  გამო, მოლდოველი ოლიგაქრი ვლადიმერ პლოხოტნიუკი ქვეყნიდან გააძევეს და „შავ სიაში“ შეიყვანეს.