მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს
მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს

A+ A-

17:17 14/01/2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის"პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს.

ამის შესახებ ცქიტიშვილის უწყებამ განცხადება გაავრცელა: 

"სამწუხაროა, რომ გრძელდება ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, წერილობითი შეტყობინებით, იმავე დღეს ჩაბარდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა. საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60 დღიან წინა საარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს ვადა უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს საარბიტრაჟო დავის წამოწყებას და მხოლოდ წინა საარბიტრაჟო პროცედურებზე მოლაპარაკებას საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების მიზნით.

მხარეთა შორის 60 დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია. ამდენად, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს“ ,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეეუწყიტა , რაც იმას ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს  კონსორციუმი  არ ააშენებს.