მოლდოვის პრეზიდენტი ვლადიმირ პლახოტნიუკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას ითხოვს
მოლდოვის პრეზიდენტი ვლადიმირ პლახოტნიუკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას ითხოვს

A+ A-

18:39 14/01/2020

მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერის, ვლადიმირ პლახოტნიუკის ინტერპოლით საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას ითხოვს.

ეს განცხადება იგორ დოდონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მოლდოველი ბიზნესმენისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა დააწესა.

2019 წლის დეკემბერში ვლადიმირ პლახოტნიუკის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით მოლდოვის მთავრობამ რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის შესაბამის უწყებებს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„ჩვენი პრიორიტეტია, რომ პლახოტნიუკი სამშობლოში ხელბორკილებით დავაბრუნოთ“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

დოდონის თქმით, მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პლახოტნიუკზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით უკვე მიმართა ინტერპოლს.

მოდლოვის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენსა და ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერს სამშობლოში დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. კერძოდ, საუბარია 18 მილიონ დოლარსა და 3,5 მილიონ ევროზე.

პლახოტნიუკმა მოლდოვა 2019 წელს დატოვა. მოგვიანებით, ის „დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.