რა წერია გიორგი გახარიას ქონებრივ დეკლარაციაში?
რა წერია გიორგი გახარიას ქონებრივ დეკლარაციაში?

A+ A-

132

00:23 13/10/2018

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაცია საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. მინისტრს, რომელიც რამდენიმე თვეა, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უწყებას ხელმძღვანელობს, როგორც ჩანს, უძრავი ქონების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა არ ახასიათებს. ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც შს მინისტრისა და მისი ოჯახის საკუთრებაშია, დეკლარაციის მიხედვით, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 395 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთია და მისი მესაკუთრე მინისტრის მეუღლე მარიკა ფანცულაიაა.

გიორგი გახარიას ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 31 მაისს აქვს შევსებული, მაშინ როდესაც იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია, ფლობს 79,900 ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და 395 კვ.მ.-ის ფართობისაა. მისივე მეუღლის საკუთრებაშია 22 ათას დოლარად შეფასებული ავტომანქანა ტოიოტა RAV4-იც.

მინისტრის და მისი ოჯახის საკუთრებაში არ არის ფასიანი ქაღალდები.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, გიორგი გახარიას საკმაოდ დიდი თანხა აქვს დაფიქსირებული „რაიფფაიზენ ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე – 452,900 ამერიკული დოლარი. მის ანგარიშებზე საქართველოს ბანკებში გარკვეული თანხები ფიქსირდება, თუმცა საკმაოდ უმნიშვნელო.

არც გახარია და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობენ.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მუშაობის დროს გიორგი გახარიას 2016 წლის 1 იანვრიდან 27 ნოემბრამდე პერიოდში ხელფასის სახით აღებული აქვს 51774,83 ლარი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრად მუშაობის დროს კი – 2016 წლის 27 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს 6755,71 ლარი;

გიორგი გახარიას მეუღლეს მარიკა ფანცულაიას, ავერსის ცენტრალური კლინიკაში ექიმ–ბაქტერიოლოგად მუშაობის დროს 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ხელფასის სახით აღებული აქვს 9120 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას კრედიტის სახით ავტოგანვადებისთვის 2015 წლის 24 ივლისს აღებული აქვს 11370 აშშ დოლარი, აქედან გასავალი აქვს 6600 აშშ დოლარი; სადაზღვევო სესხის სახით აღებული აქვს 2102,41 აშშ დოლარი; გასავალი აქვს 1200 აშშ დოლარი.

მინისტრს უძრავი ქონების ნასყიდობის სახით დეკლარაციაში შემოსავლად დაფიქსირებული აქვს 350,000 აშშ დოლარი;

გიორგი გახარიას ქონებრივ დეკლარაციაში ცარიელია გრაფა, სადაც აღნიშნული იქნებოდა საჩუქარი, რომელიც ბევრი მაღალჩინოსნის დეკლარაციაში გვხვდება, როცა ათეულ და ასეულ ათასობით ლარს ისინი საჩუქრის სახით იღებენ საკუთარი ოჯახის წევრების, ხშირ შემთხვევაში საკუთარი მამების მხრიდან.