კახა კალაძემ ოპოზიციას შეუთვალა, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩამოგდებაში დაეხმარება - ალეკო ელისაშვილი
კახა კალაძემ ოპოზიციას შეუთვალა, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩამოგდებაში დაეხმარება  - ალეკო ელისაშვილი

A+ A-

13:33 16/01/2020

 თბილისის მერმა, კახა კალაძემ  ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს,  გარკვეული გარიგების სანაცვლოდ, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის, “ბიძინა ივანიშვილის ჩამოგდება“ შესთავაზა. ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა  ალეკო ელისაშვილმა  “2020NEWS” -თან ინტერვიუში  განაცხადა.

ამასთან, როგორც ელისაშვილი სააგენტოსთან აღნიშნავს, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მალე თბილისის მერის უახლოესი გარემოცვის წევრებს დააკავებენ, რაც  კალაძემ კარგად იცის.

-ბატონო ალეკო, რამდენად სანდოა და ვისგან გაქვთ მიღებული ეს ინფორმაცია, რომ მალე თბილისის მერის,  კახა კალაძის უახლოესი გარემოცვის წევრებს დააკავებენ?  

-ინფორმაციები ღია წყაროებიდან არის ცნობილი. ასევე, გარკვეული ინფორმაციები პირადად ჩემთვისაც გახდა ცნობილი. სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში, თვეზე მეტია “არქი ჯგუფის“ წარმომადგენლებს დაატარებენ.  მათ თბილისის მერიისა და “არქი ჯგუფის“ საქმიანობის შესახებ კითხვებს უსვამენ.  ეს ინფორმაცია საჯაროდაც ცნობილია.

ამ გამოძიების მიზანია, რომ სუს-მა “არქი ჯგუფის“ მფლობელის, დეპუტატ ილია წულაიასა  და თბილისის მერის, კახა კალაძის კორუფციული ურთიერთობები დადგინოს.

ჩემი ინფორმაციით, კახა კალაძის გარმოცვის წევრებს, არცთუ უმნიშვნელო ფიგურებს, უახლოეს მომავალში დაიჭერენ. მათ ვინაობას ვერ გეტყვით. ამ ადამიანების ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა. თავად კახა კალაძემაც ძალიან კარგად იცის, რომ მისი გარემოცვის  წევრების დაჭერა იგეგმება.

კალაძემ  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კორუფციასთან დაკავშირებით პრევენციული განცხადება გააკეთა. მერე რომ თქვას, ჩემი გარემოცვის წევრები გავაფრთხილეო.  

-თქვენი ინფორმაციით, კახა კალაძემ  ოპოზიციის ლიდრებს შეუთვალა: “მე თქვენთან ვარ და თუ რამე, თქვენსკენ გადმოვხტებიო“. ამის შესახებ  მედიას უკვე განუცხადეთ. თუ ეს განცხადება სანდოა, გვითხარით, აღნიშნული ინფორმაცია კახა კალაძემ ოპოზიციის რომელ ლიდერებს შეუთვალა?

-ზუსტად ვიცი, რომ კახა კალაძემ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს ადამიანი გაუგზავნა და  შეუთვალა, რომ თუ მათ (არ აკონკრეტებს ვის) თავს დაანებებენ და პრობლებები არ იქნება, მაშინ კალაძე ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ჩამოგდებაში დაეხმარება.  ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილმაც იცის.  კახა კალაძემ აღნიშნული ინფორმაცია ვის შეუთვალა, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი.

-კახა კალაძეს ბიძინა ივანიშვილის “ჩამოგდება“ რაში სჭირდება?  

-სინამდვილეში, კახა კალაძეს უნდა პოლიტიკაში ძალიან დიდხანს იყოს და ფული აკეთოს. ბიძინა ივანიშვილთან იქნება თუ არა, მას სულ არ ადარდებს.  ივანიშვილის გემი იძირება, რაც კალაძემ და ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებმაც კარგად იციან.

ამიტომ კახა კალაძე ოპოზიციაში წავა მაშინ, როცა ის ოპოზიციისგან კეთილდღეობასა და პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით გარანტიებს მიიღებს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე