ხელვაჩაურში,15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის მიკროავტობუსის მძღოლს 6 წელი მიუსაჯეს
ხელვაჩაურში,15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის მიკროავტობუსის მძღოლს 6 წელი მიუსაჯეს

A+ A-

16:24 17/01/2020

ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრები 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს.

პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა სასამართლომ ბრალდება არ დაადასტურა.

ინფორმაციას მოხდარის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს. აღნიშნული ინციდენტი ჭოროხის სანაპიროზე ღამის საათებში მოხდა.

29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა.

დაზარალებულის ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. ბრალდებულმა მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გააჩერა. ამ საქმეზე სასამართლომ გაუპატიურების ფაქტი არ დაადასტურა და განმარტა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი“,- აღნიშნულია განაჩენში.

29 წლის ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ გოგონას მოეფერა, თუმცა ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას გოგონას ასაკის შესახებ.