კარავს დავდგამ იმ სატანას სახლთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია - მალხაზ მაჩალიკაშვილი
კარავს დავდგამ იმ სატანას სახლთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია - მალხაზ მაჩალიკაშვილი

A+ A-

14:11 22/01/2020

„კალაძე იძულებული გახადეს, რომ ღობე გაეკეთებინა. ეს არის დაშინებული, შეშინებული, შარვალჩასველებული, ლაჩარი და მხდალი ადამიანების ქცევა“, -  ასე აპროტესტებს შვილმოკლული მამა  მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტისთვის მწვანე ღობის შემოვლების ფაქტს.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ  ის წუხელ, პარლამენტთან კარვის დადგმას აპირებდა და ხელისუფლებამ  ეს ამბავი რომ გაიგო,   საკანონმდებლო ორგანოსთვის მაშინვე მწვანე ღობეების შემოვლება დაიწყო.

როგორც მან „2020NEWS“- ს  განუცხადა, კარავს მაინც გაშლის, თანაც „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის  სახლთან  და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ხელისუფლება დაამთავროს.

 „პარლამენტს ღობე წუხელ, 12:00 საათზე შემოავლეს, რუსთაველის გამზირზე ვიყავი ოთხ საათამდე. ატრაქციონები აიღეს და  როგორც კი გაიგეს,  რომ მაჩალიკაშვილი  ჩამოსულია და უკვე აქვს გეგმა, რომ კარავი გაშალოსო, იმ წუთას მოცვივდნენ, როგორც იციან ხოლმე. მოვარდნენ, პარლამენტს ღობე შემოავლეს და გადააფარეს  მწვანე ხალიჩები. ამ ყველაფერს იმის შიშით აკეთებენ, მაჩალიკაშვილმა კარავი არ გაშალოს“, - განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით,  საკანონმდებლო ორგანოს წინ იმიტომ უნდა კარვის გაშლა, რომ სწორედ პარლამენტისგან ითხოვს კომისიის შექმნას, რომელიც მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას გამოიძიებს.  

შვილმოკლული  მამა  ასევე აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე  სარეაბილიტაციო  სამუშაოების დაწყება თბილისის მერს, კახა კალაძეს აიძულეს. ცნობისთვის, თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

„სიმართლე გითხრათ, წუხელ ბანერისა და კარვის გაშლას ვგეგმავდი. პარლამენტისგან ვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამიტომ პარლამენტთან მჭირდება კარვის გაშლა. ამასწინათაც აპირებდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას პარლამენტის წინ. მერიაში რომ დარეკეს ჟურნალისტებმა, კახა კალაძემ თქვა, ტყუილია, ჩვენ არაფერს ვაპირებთო.

ამ  ეტაპზე წამოაგეს კალაძე და იძულებული გახადეს, რომ ღობე გაეკეთებინა. ჩხაკაჩხუკობენ და შიგნით რაღაცებს აკეთებენ. ეს არის დაშინებული, შეშინებული, შარვალჩასველებული, ლაჩარი და მხდალი ადამიანების ქცევა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა სააგენტოსათან საუბრისას.

კითხვაზე, როგორ აპირებს პროტესტის გაგრძელებას, მაჩალიკაშვილი პასუხობს, რომ მისი მომავალი გეგმა უცვლელია. „ამ ხელისუფლებას ჩემს ხალხთან ერთად დავანგრევ. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია ბანერის დადგმა, რომელსაც ამათ გაწყობილ ჩინურ კედელს მივაყრდნობ. ბანერს რომ დავდგამ, შემდგომში გამოჩნდება, კარავს სად გავშლი. მე ამის სრული უფლება მაქვს. კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ. რის საშუალებასაც კანონი მაძლევს, იმას ვაკეთებ, მაგრამ კანონი სადაა? დღეს სათავეში ჩასვრილი ხელისუფლება გვყავს. შევხედავ, თუ არ დაკმაყოფილდა ჩემი მოთხოვნა, მაქვს 50 000 ხელმოწერა, ჩემს ხალხს გამოვიყვან და კარავს დავდგამ იმ სატანას სახლთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს მერიის გადაწყვეტილებით, პარლამენტს ღობე შემოავლეს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მერი კობიაშვილი