გიორგი რურუას საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის
გიორგი რურუას საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის

A+ A-

10:07 23/01/2020

ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთ დამფუძნებლის,  გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. ამის შესახებ “2020NEWS”-ს  დაკავებულის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა.

შავგულიძის თქმით, უფლებადამცველები რურუას საქმეზე უახლოეს მომავალში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სამი მუხლის დარღვევის გამო  მიმართავენ. ესაა ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციის  მეხუთე, მერვე და მეთვრამეტე მუხლები.

ადვოკატის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი იქამდე შევა, ვიდრე რურუას საქმე ქართული მართლმსაჯულების სამივე ინსტანციას მოივლის.

„ჩვენ არ ვაპირებთ, დაველოდოთ, როდის მოივლის ეს საქმე საქართველოში სასამართლოს სამვე ინსტანციას. ევროპულ სასამართლოს უკვე უახლოეს მომავალში მივმართავთ. დაახლოებით  თვე ან თვენახევარი  დაგვჭირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მოსამზადებლად.

სტრასბურგს ამჯერად 3 მუხლის დარღვევის გამო მივმართავთ: ეს არის კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევა რაც გიორგი რურუას მიმართ წინასწარი პატიმრობის არასწორად გამოყენებას გულისხმობს. ასევე, კონვენციის მერვე მუხლის დარღვევა, რაც ჩხრეკა-ამოღებებს ეხება და რაც გიორგი რურუას შემთხვევაში რეალურად არ ჩატარებულა, რის საფუძველზე მას თითქოს  ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს;  ასევე, კონვენციის მეთვრამეტე მუხლია დარღვეულ.

ეს მუხლი ითხოვს, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ანუ საპროცესო მოქმედებები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისათვის და არა რაიმე სხვა მიზნებისათვის, მათ შორის პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მეთვრამეტე მუხლის დარღვევა, ვინაიდან გიორგი მისი აქტიური პოლიტიკური პოზიციის გამო იდევნება.

მისი დანაშაული მხოლოდ ის გახლავთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სოლიდური მეწილეა. ასევე, ის გახლავთ ანტისაოკუპაციო მოძრაობის  და ასევე „სირცხვილიას“ მხარდამჭერი, მათ შორის  ფინანსური მხარდამჭერი. ჩვენ ყველა ეს დოკუმენტი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე საქმეში იქნება.

რურუას აქტივობა გახდა ხელისუფლების გაღიზიანების მიზეზი და გადაწყვიტეს, რომ იგი სამაგლითოდ დაესაჯათ“, - აცხადებს შავგულიძე.

უფლებადამცველი აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ გიორგი რურუას საქმე ევროპის სასამართლოს კონტროლის ქვეშ მოექცევა.

„ჩვენ ევროპულ სასამართლოს ახლა მივმართავთ და უკვე ევროპის სასამართლოს კონტროლის ქვეშ მოექცევა რურუას საქმე. მოსამართლეებს და პროკურორებს გაუჭირდებათ უსამართლოდ მოქცევა, ვინაიდან დაინახავენ, რომ ამ საქმის წარმოება სტრასბურგში უკვე დაწყებული აქვთ.  თუ საჭირო გახდება, საქართველოში საქმის  სამივე ინსტანციაში ამოწურვის შემდეგ, კიდევ ერთხელ მივმართავ ევროპულ სასამართლოს. ამჯერად კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევის გამო, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გულისხმობს. შემიძლია დავპირდე საზოგადოებას, რომ ეს საქმე გიორგი რურუას სრული გამართლებით დასრულდება“ , -  აცხადებს შავგულიძე.

“2020NEWS”-თან საუბარში შავგულიძე ასევე აცხადებს, რომ რურუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 იანვარს გაიმართება. სხდომამდე 5 დღით ადრე კი, დაცვის მხარეს უნდა გადაეცეს საექსპერტო დასკვნა დნმ-თან დაკავშირებით.

„გიორგი რურუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს გაიმართება და  ამის შემდეგ დაიწყება საქმის არსებითი  განხილვა . საექსპერტო დასკვნა დნმ-ის ნიმუშთან დაკავშირებული, უნდა გადმოგვეცეს არაუგვიანეს 24 იანვრისა, წინასასამათლო სხდომამდე არაუგვიანეს 5დღისა, რადგან  ბრალდების მხარემ და დაცვის მხარემ  ერთმანეთს წარვუდგინოთ ყველა ის მტკიცებულება, რასაც  მხარეები სასამართლოში წარმოვადგენთ“, - აცხადებს შავგულიძე.

შავგულიძე ყურადღებას ამახვილებს იმ დარღვევებზე რაც, საგამოძიებო პროცესის წარმოების დროს მოხდა.

„მოგეხსენებათ, როგორც თავად გიორგი რურუა და დაკავების დროს მასთან ერთად მყოფი დაცვის თანამშრომელი და მძღოლი აცხადებენ, რომ პოლიციამ მათი ავტომობილი ბაგებში გააჩერა. გიორგი რურუა სამართალდამცავებმასაკუთარ ავტომობილში გადაისვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ისე, რომ ჩხრეკა არ ჩატარებულა და არავითარი ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის არ აღმოუჩენიათ. რურუა დაკავების მომენტიდან, პოლიციაში მიყვანისთანავე ითხოვდა ადვოკატთან ზარის განხორციელებას, რისი უფლებაც მას არ მისცეს.  განყოფილებაში ადვოკატის გარეშე შეიყვანეს და იქ  ძალადობით, რამდენიმე პოლიციელმა გააკავა და ასე აიღეს მისგან დნმ-ის კვალი. რა თქმა უნდა, პოლიციას მისი  დნმ სჭირდებოდა იმისათვის, რომ მისი დნმ შემდეგ რომელიმე ცეცხლსასროლ იარაღზე დაეტანათ, რადგან ეს ბრალდება ჰქონდათ ჩაფიქრებული.

მისგან დნმ-ის კვალი უკანონოდ, ძალადობრივად, ყოველგვარი დაოქმების გარეშე აიღეს მისი დაკავების, შენობაში შეყვანიისთანავე და, რა თქმა უნდა, ეს კვალი უკვე იმ იარაღზე დატანილია, რომელიც გაფორმდა, რომ თითქოს მას ჰქონდა. ამის შემდეგ უკვე საჭირო იყო , რომ გიორგისგან ოფიციალურადაც აეღოთ დნმ-ის ნიმუში, უნდა მომხდარიყო  შედარება  ნიმუშთან რაც იარაღზე აღმოჩნდებოდა. იმ მომენტიდან, როგორც  კი დაიწყო გამოძიება,  თითქმის ყველა საგამოძიებო საპროცედურო დოკუმენტზე გიორგი რურუა და მისი დაცვის წევრები აფიქსირებდნენ მოთხოვნას, რომ დაკავების მომენტში რურუასგან უკანონოდ მოხდა დნმ-ის აღება და პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.

ამავდროულად ითხოვდნენ, რომ პოლიციის სამმართველოს მეშვიდე სართულზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება მოხდეს დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რომლის დროსაც კამერებმა ძალადობა დააფიქსირეს.  დღემდე აღნიშნულ მოთხოვნებზე არც გამოძიება დაწყებულა და არც ვიდეომასალის ამოღება მომხდარა. როდესაც გამოძიებას ოფიციალურად დასჭირდა რურუას დნმ და ოფიციალური განჩინებით მივიდნენ, გიორგიმ განუცხადა, რომ ის თანახმა იქნებოდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყებოდა გამოძიება მისგან დნმ-ის კვალის უკანონოდ აღებაზე.

ეს  კი პოლიციამ და გამოძიებამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელისშეშლად ჩათვალა და მას დამატებითი წარუდგინეს ბრალდება, რომელიც სამართლებრივ საფუძველს აბსოლუტურად  მოკლებულია. ამის შემდეგ უკვე ახალი განჩინება აიღეს რურუასგან დნმ-ის აღებასთან დაკავშირებით. დნმ-ის ნიმუშის ასაღებად რურუასთან დაახლოებით, 15 პოლიციელი და კრიმინალისტები  შევიდნენ. ციხის უფროსმა გულწრფელად გვითხრა, რომ თუ არ იქნებოდა ნებაყოფლობითი  ნიმუშის მიცემა,  ძალის გამოყენებაში ციხის კონტიგენტიც ჩაერთვებოდა.

ეს ყოველივე უკვე იუმორში გადადის. რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებდა ჭიდაობას და რეალურად მათთვის წინააღმდეგობის გაწევას განჩინებისთვის. იმ განჩინებას  ჩვენ გავასაჩივრებთ , რადგან არაკონსტიტუციურია.

გამოძიების დროს ორი ექსპერტიზა ჩატარდა, დაქტილოსკოპიური და ქიმიური  ექსპერტიზა. არცერთმა მათგანმა არ დაადასტურა იარაღზე გიორგი რურუას კვალი.

ქიმიური ექსპერტიზის შემთხვევაში რურუასგან ამოღებულ ტანსაცმელზეც არ აღმოჩნდა იარაღის მეტალიზაციის კვალი და თუ მას მართლაც საქამრეში ექნებოდა იარაღი მაშინ, იარაღი ტანსაცმელზე მეტალიზაციის კვალს აუცილებლად დატოვებდა. ამ ორი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, გამოძიებას  ერთადერთი გამოსავალი დარჩა, რომ საქმე სასამართლომდე არ ჩამოეშალოს და  განხილვამდე მაინც მიიტანონ.

რა თქმა უნდა, დნმ-ის ექსპერტიზა დარჩათ,  ოფიციალური ნიმუში მათ გიორგი რურუასგან მიიღეს, არაოფიციალურად და ძალადობრივად მოპოვებული დნმ-ის ნიმუში კი როგორც აღვნიშნე, უკვე აქვთ. ახლა ველოდებით ამ ექსპერტიზის შედეგებს, რომელიც ალბათ იტყვის, რომ გიორგი რურუას დნმ-ის კვალს შეესაბამება ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი კვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გარემოებებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ძალადობრივი გზებით მოპოვებული დნმ-ის ნიმუშით, საექსპერტო გაგზავნილი დაუშვებელ მტკიცებულად იქნეს  ცნობილი“, - განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, „მთავარი“ არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ანა ქორჩილავა