საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენით ბრუნდება
საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენით ბრუნდება

A+ A-

10:24 23/01/2020

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ქართველი მეცნიერების შესახებაც იმსჯელეს და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებსა და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.

ამ საკითხზე დახმარება საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა იერუსალიმის პატრიარქს, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს.

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.

მანამდე, პრეზიდენტი, ძველ ქალაქში სეირნობისას, გიდმა ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფში ჩაიყვანა, სადაც მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი. იერუსალიმელი არქეოლოგის განცხადებით, ახალაღმოჩენილი კულტურული ფენები, ჯვაროსნული პერიოდიდან ანტიკურ პერიოდამდე, სხვადასხვა ეპოქის ნაგებობებს მოიცავს.

 შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებს შეუძლათ, იამაყონ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს შორის არის. ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.