რა ჩამოაქვს ეკონომიკური ფორუმიდან მთავრობის მეთაურს? - გახარიას დავოსური ვოიაჟი
რა ჩამოაქვს ეკონომიკური ფორუმიდან მთავრობის მეთაურს? - გახარიას დავოსური ვოიაჟი

A+ A-

12:25 23/01/2020

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია დღეს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გიორგი გახარია სიტყვით გამოვა შეხვედრაზე, რომელიც ევროპის მომავალ ამბიციებს უკავშირდება და მისი მონაწილეები ევროპელი ლიდერები არიან.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მთავრობის მეთაური აქცენტს გააკეთებს იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ქმნის.

დღესვე პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მასშტაბის ისეთი კომპანიების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს, როგორიცაა: „ფილიპს ლაითინგი“, „კამილ ბლოხი“ და „აქსიონა“. მთავრობის მეთაურს დაგეგმილი აქვს აუდიენცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი გახარია 21 იანვრიდან იმყოფება.

მთავრობის მეთაური უკვე შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD  ვიცე-პრეზიდენტებს, იურგენ რიტგერინქსა და ალან პილოუს. EBRD  -ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო საუკეთესო ქვეყანაა.

დავოსში მიმდინარე ფორუმზე, პრემიერ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, “კოკა-კოლას” ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ გოლცმენმა კი განაცხადა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის.

ცნობისთვის, ამერიკული კორპორაცია “კოკა-კოლას” სათავო ოფისი ატლანტაში მდებარეობს. კომპანიამ ოპერირება დაიწყო 1889 წლიდან და დღეისთვის მომხმარებელს 500 ბრენდს სთავაზობს 200-ზე მეტ ქვეყანაში.

მისი წლიური შემოსავალი 32 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 62 000-ს აღემატება.

„ვაგრძელებთ კაპიტალდაბანდებას საქართველოში. „ამერიკული კორპორაცია “კოკა-კოლა” დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას“, - აცხადებს „კოკა-კოლას“ ვიცე-პრემიერი.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერი გახარია „Siemens AG“-ის მმართველი ბორდის წევრს, მაიკლ სენსაც შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნება საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი.

„საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, შესაძლოა, გერმანულ კონგლომერატ „Siemens AG"-სთან პარტნიორობით შეიქმნას“, - ამის შესახებ გიორგი გახარიმ მაიკლ სენთან შეხვედრაზე აღინიშნა.