სასტუმრო "ბუდაპეშტის" ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ - ხმალაძე
სასტუმრო "ბუდაპეშტის" ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ - ხმალაძე

A+ A-

16:14 23/01/2020

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ააშენონ.

როგორც ხმალაძემ განმარტა, ერთი წელია, რაც მოლაპარაკებები მიდის.

„ერთი ფართი არ შეგვითავაზებია, რამდენიმე შევთავაზეთ და ამაზეც უარი განაცხადეს. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადება მეც წავიკითხე, რომ ისევ მშენებლობას დავუბრუნდებითო, აი მეც და თქვენც ერთად ვნახოთ რას ააშენებენ. გამორიცხულია ის, რასაც ესენი იძახიან.

არ მივიღებ ასეთ ბრალდებებს, თითქოს ჩვენ მოლაპარაკება დესტრუქციულ რეჟიმში წავიყვანეთ და ფართები არ შევთავაზეთ. იმასაც ვიტყვი, რომ მიწის ფონდი მუნიციპალიტეტს საკმაოდ მწირი აქვს, დიდი არჩევანი ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ის შევთავაზეთ და ყველაფერზე უარი მივიღეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა და მათ ასე კამპანიურად გადაწყვიტეს, რომ სამართლებრივი პროცესები დაიწყონ იმისთვის, რათა ნებართვა მიიღონ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ისინი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ.

ჩემი აზრით, მათ ძალიან ნაადრევი განცხადება გააკეთეს. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე ვერ დავადასტურებდი, რომ მოლაპარაკებები დასრულდა და ჩვენ ვერ შევთანხმდით. ასე ნამდვილად არ არის. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 6 მილიონ დოლარიანი მიწის მონაცვლეობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის იოლი საქმე ნამდვილად არ არის და ამას, რა თქმა უნდა, დროს სჭირდება“,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მშენებლობის განხორციელების უფლება ჯერ არ აქვთ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება, ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მეორე, ფაქტი, რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ, არ არის სწორი და მესამე, მოლაპარაკებები დასრულდა ცუდად, ესეც არ არის სწორი და ნაადრევი იყო მათი განცხადება“,-დასძინა ხმალაძემ.