დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა

A+ A-

17:55 23/01/2020

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. კანდიდატებს შორის ასევე იყვნენ: ქეთევან ბექაური, ვანო ბოლქვაძე, ვალერიან გავაშელი, ქრისტინე კოპალიანი, აკაკი მაისურაძე, ნიკოლოზ რობაქიძე, მარიამ ცქიფურიშვილი და ნინო ხარიტონაშვილი.

დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან ცინცაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ აირჩიეს. ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობკანდიდატებს შორისაც იყო, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის მისი კანდიდატურის წარდგენას მხარი არ დაუჭირა.

ზურაბ აზნაურაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2013-2018 წლებში აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტს, საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებას დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას/გამოკვლევის უფლებამოსილება აქვს.

დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის გამოკვლევის მიზნით გამოითხოვს, სწავლობს და აფასებს ყველა საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტსა და მასალას. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, მოიწვიოს ნებისმიერი პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია.

დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე  დანიშნავდა იმ პირს, ვინც  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ ჩინჩალაძისთვის „სანდო კადრი“ იქნებოდა. ცნობისთვის, ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორისაც იყო.