ვარკეთილში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ვარკეთილში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

A+ A-

02:51 24/01/2020

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმმა, ხათუნა ლომაურმა განაცხადა, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ჩაუტარდა კვლევები. ექიმის თქმით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სასწრაფო დახმარების მიერ ახალშობილი შემოყვანილ იქნა 22:12 საათზე. ჩვილს აღენიშნებოდა დაბალი ტემპერატურა. მუდმივად ხდება მისი სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი, იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ხათუნა ლომაურმა.

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი 23 იანვარს იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.