ევგენი ნოვოჟიროვიVSბიძინა ივანიშვილი - ვის ეკუთვნის 1947 წელს დაცული დისერტაცია ?!
ევგენი ნოვოჟიროვიVSბიძინა ივანიშვილი - ვის ეკუთვნის 1947 წელს დაცული დისერტაცია ?!

A+ A-

12:13 24/01/2020

„თავისუფლების ინსტიტუტმა“ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევის მოთხოვნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა და ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა ის მტკიცებულება გადასცა, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო სტანდარტს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.

ორგანიზაციის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც მოსკოვში 1947 წელსაა დაცული, გასული წლის ნოემბერში მოიპოვა. "დისერტაციას არ აქვს სქოლიო, ციტირების წესი არ არის დაცული, არ არის მითითება სხვა სამეცნიერო წიგნებთან თუ სტატიებთან, არ არის დამოწმება წყაროების", - ამბობს ხვადაგიანი.

„თავისუფლების ინსტიტუტში“ აცხადებენ, მათ ასევე აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის დისერტაცია პლაგიატს შეიცავს.

"განსაკუთრებით იმიტომ, რომ არის ნიშნები, რომლითაც ძალიან ჰგავს, როგორც სტრუქტურით, ისე - შინაარსობრივად, ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას. ამ და სხვა მიზეზების გამო, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბატონმა ივანიშვილმა სამეცნიერო დისერტაცია მოიპოვა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მანკიერი გზით.

ამიტომ, მივმართავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და დადგენილი წესით და კანონმდებლობით ჩამოართვას მას შეუსაბამო აკადემიური ხარისხი", - ამბობს სალომე ხვადაგიანი.

ცნობისთვის, ქართული ოცნების ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია არის განთავსებული ვკითხულობთ, რომ ის 1982 - 1986 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ბიძინა ივანიშვილს აქვს საპატიო დოქტორის წოდებაც. 2006 წელს ეს წოდება მას საქართველოს განათლების სამინისტროს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სულიერების აღორძინებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭა.