ოქრუაშვილმა ლომჯარიასთან შეხვედრა თავად მოითხოვა - ადვოკატი
ოქრუაშვილმა ლომჯარიასთან შეხვედრა თავად მოითხოვა - ადვოკატი

A+ A-

12:30 24/01/2020

პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა თავად მოითხოვა. ამის შესახებ “2020NEWS”-ს ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

ჭაბაშვილის თქმით, გუშინდელი შეხვედრის შესახებ არ ფლობს ინფორმაციას, თუმცა დასძენს, რომ ომბუდსმენთან შეხვედრის თხოვნით მან ნინო ლომჯარიას მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა.

„სახალხო დამცველის მიერ ირაკლი ოქრუაშვილის მონახულების შესახებ გუშინ ჟურნალისტებისგან გავიგე, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ომბუდსმენი ოქრუაშვილთან იყო შესული, არასამუშაო დრო იყო,  შესაბამისად, შეხვედრის დეტალები არ ვიცი.

ირაკლი ოქრუაშვილმა თავად მოითხოვა სახალხო დამცველთან შეხვედრა და ამ თხოვნით დაახლოებით ერთი კვირის წინ მივმართეთ სახალხო დამცველს. ქალბატონი ნინო ავად იყო და  ეს თხოვნა მის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძე გადავეცი.

მიზეზი იმისა, თუ რატომ მოითხოვა ოქრუაშვილმა ომბუდსმენთან შეხვედრა არ ვიცი“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და  ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული კახაბერ ნაკანი მოინახულა. ამასთან, როგორც ცნობილია, ომბუდსმენმა ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრაც ითხოვა, თუმცა დონაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ანა ქორჩილავა