35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობაზე დაკავებული პოლიციების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობაზე დაკავებული პოლიციების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

A+ A-

14:01 24/01/2020

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეში დაკავებული 6 პირის სასამართლო დღეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

როგორც “2020NEWS”-ს ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით მიროტაძის ადვოკატმა, იმედმა ბეროშვილმა განუცხადა სხდომა, სავარაუდოდ, 15:00 საათზე დაიწყება.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს და დუმილის უფლებას იყენებენ.

ბეროშვილის თქმით, დაცვის მხარე გეგმავს სასამართლოს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართოს.

„დავით მუმლაძის საქმეში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. დაცვის მხარეს  გარკვეულ მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით  შუამდგომგომლობები გვაქვს,  რომელსაც სასამართლო პროცესზე დავაყენებთ. ვნახოთ, სასამართლო რას გადაწყვეტს.

ჩვენ ვაპირებთ  რიგი შუამდგომლობების დაყენებას, მათ შორის, რიგი მტკიცებულებების  მოპოვებესთან დაკავშირებით, ანუ როგორ მოიპოვეს მტკიცებულებები და ა.შ.

სასამართლო, სავარაუდოდ,  15:00 საათზე დაიწყება“,  -  განაცხადა ბეროშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავა, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის სამართალდამცავებმა 2020 წლის 2 იანვარს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჯღარკავა, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა და მკვლელობა ედებათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში არიან ბრალდებულები, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

ანა ქორჩილავა