ოხანაშვილმა იზორიას ძმის დანაშაულის ამსახველი კადრების გამომქვეყნებელი დვალიშვილი „ნაციონალად“ გამოაცხადა
ოხანაშვილმა იზორიას ძმის დანაშაულის ამსახველი კადრების გამომქვეყნებელი დვალიშვილი „ნაციონალად“ გამოაცხადა

A+ A-

13:48 24/01/2020

პოლიციელი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის მატარებლად გამოაცხადა.

მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროება დვალიშვილს 5 წლის წინაც შეეძლო, თუმცა, ახლა „ნაციონალებს“ აწყობთ და სწორედ ამიტომ გაასაჯაროეს.

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

შემდეგ კი ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა და ისინი ლევან იზორიასთან გადაამისამართა.

„მიაკითხეთ ბატონ ლევანს და ის გაგცემთ პასუხს. ლევან იზორია მე ანგარიშს ვერ ჩამაბარებს იმის თაობზე, თუ სად არის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხის“ გამოქვეყნებულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი გიორგი დვალიშვილი თაცდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას.

„ზემოდან“ ჩარევის შემდეგ კი იზორიას ათავისუფლებენ. ამ ვიდეოში იზორია დვალიშვილს ემუქრება, არ დაგინდობო. ეს კადრები 2014 წელსაა გადაღებული. ამ დროს ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.