სად მიდის ზვიად ძიძიგური და ვისთან მართავენ კონსულტაციებს "კონსერვატორები"?
სად მიდის ზვიად ძიძიგური და ვისთან მართავენ კონსულტაციებს "კონსერვატორები"?

A+ A-

14:36 24/01/2020

 "ქართულ ოცნებას“ გაყრილი “კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური 2020 წელს პოლიტიკიდან წასვლას გამორიცხავს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა ვიცე-სპიკერმა “2020NEWS“-თან განაცხადა. თუმცა, ძიძიგურს ჯერ კიდევ არ გაურკვევია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "კონსერვატიული პარტია" დაუპირისპირდება თუ არა ქვეყნის იმ მმართველ ძალას, რომლის დახმარებითაც 2012 წელს საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.

როგორც ძიძიგურმა “2020NEWS“-თან განაცხადა, ამ ეტაპზე პარტია კონსულტაციების რეჟიმშია და სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს. 

“რა პოლიტიკური გეგმები ექნება “კონსერვატიულ პარტიას“, ამასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ. ჯერ პარტიის მმართველმა ორგანომ სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და შემდეგ ოფიციალურ პოზიციას გავასაჯაროებთ.

ჩვენ კონსულტაცებს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებთანაც ვაწარმოებთ და ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ, შესაბამის განცხადებასაც გავავრცელებთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგური, რომლის “ოცნებისეული“ პოლიტიკური გემოვნება პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ შეიცვალა, ახლა ბიძინა ივანიშვილის პარტიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის “ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ამერიკელი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების მწვავე განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. 

“კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების განცხადება მოულოდნელი არ იყო. “ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება არ შეასრულა. რაც, პირველ ყოვლისა, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, რომელიც აუცილებელია,  ქვეყანაში სარჩევნო წელს არსებობდეს, არის დამაზიანებელი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ინფორმაციისთვის, წარსულში “ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში მყოფმა “კონსერვატიულმა პარტიამ“ საპარლამენტო უმრავლესობა ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც “ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე