დოდო გუგეშაშვილმა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება საავადმყოფოში შეიტყო
დოდო გუგეშაშვილმა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება საავადმყოფოში შეიტყო

A+ A-

17:54 24/01/2020

„იმედი ერთი წუთითაც არ დამიკარგავს იმისა, რომ საქმე გაიხსნებოდა“, - ამის შესახებ “2020NEWS”-ს თადარიგის პოლკოვნიკმა, დოდო გუგეშაშვილმა განუცხადა და მისი ვაჟის მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მე ახლა საავადმყოფოში ვიმყოფები, ინტერნეტით, ტეელევიზიით ვნახე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. დამატებითი დეტალები არ ვიცი. ამ წუთში დამირეკა ჩემმა ადვოკატმა და საქმის დეტალებს სიღრმისეულად ცოტა მოგვიანებით გავეცნობით.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მე და ჩემს უფლებადამცველსაც გაუთქმელობის ხელწერილზე გვაქვს ხელი მოწერილი, გამოძიებას, რომ ხელი არ შევუშალოთ.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე იმედი ერთი წუთითაც არ დამიკარგავს იმისა, რომ საქმე გაიხსნებოდა. გამოძიებას ჩემგან სრული ნდობა ჰქონდა გამოცხადებული იმიტომ, რომ ვხედავდი მათ მუშაობას და ვიცოდი, რომ შედეგს დააყენებდნენ“, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

“2020NEWS"-თან საუბარში გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულის ამოსაცნობად საგამოძიებო უწყებაში ალბათ, დაიბარებენ, თუმცა, ზუსტი თარიღი მისთვის უცნობია.

„მის ამოსაცნობად საგამოძიებო უწყებაში ალბათ, დამიბარებენ თუმცა არვიცი, ზუსტად როდის მოხდება ეს“, - აცხადებს თადარიგის პოლკოვნიკი.

გუგეშაშვილმა არ გააკეთა კომენტარი იმის თაობაზე, თუ რატომ იმყოფება საავადმყოფოში.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნა.

სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის 7 თებერვალს დიღმის მასივში დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, ხოლო დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს.

ანა ქორჩილავა