ადვოკატი კობაიძე გენერალური პროკურორის პოსტისთვის იბრძოლებს
ადვოკატი კობაიძე გენერალური პროკურორის პოსტისთვის იბრძოლებს

A+ A-

18:38 24/01/2020

გენერალური პროკურორობისათვის არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იბრძოლებს. მთავარი პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეობა ჩაიბარა.

მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელად, ხელისუფლების დამსახურებით, საპროკურორო ორთაბრძოლის არენაზე ძველი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოჩნდა და ოპოზიცია აცხადებს, რომ შოთაძე, ფაქტობრივად, დაბრუნებულია  გენერალური პროკურორის პოსტზე, კანდიდატებს შორის პროკურორის სკამისთვის ბრძოლა მაინც გრძელდება.

როგორც  “2020NEWS”-ს კობაიძემ განუცხადა, მთავარი მიზეზი, თუ რატომაც გადაწყვიტა მან გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, არის საზოგადოებრივი განწყობა, რომლის მიხედვითაც პროკურატურა  „პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა“.

კობაიძის თქმით, საგამოძიებო უწყებაში მთელი რიგი ცვლილებებია საჭირო და სტრუქტურის რეფორმირება უნდა მოხდეს.

„მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ  დღეს საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ კონკრეტული სუბიექტებისა თუ პოლიტიკური პარტიების მიერ პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა.

გადავწყვიტე, რომ  თუ მე მომეცემა შესაძლებლობა, მთავარი პროკურორის თანამდებობა დავიკავო, პირველ რიგში, არავის არასდროს ექნება ილუზია, რომ პროკურატურის რაიმე ფორმით პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება მოხდება. ეს არ მოხდება. სწორედ ამ საკითხმა გადამაწყვეტინა მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

აგრეთვე უნდა ავღნიშნო, რომ პროკურატურა მთელ რიგ ცვლილებებს საჭიროებს. მიმაჩნია, რომ ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს არის პროკურატურში პროკურორისა და გამომძიებლის მანტიას არ იმსახურებს, რადგან ისინი მთელ რიგ უსამართლობასა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს სჩადიოდენ. მე ამ სისტემის რეფორმას მოვახდენ.

აუცილებელია, ყურადღების პროფესიონალ  კადრებზე გამახვილება და პროკურორებისათვის პროფესიონალიზმის ამაღლება. დღესდღეობით ისე ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საქმეს, ხოლო პროკურორი სასამართლოში, როგორც საგამოძიებო მოქმედებების გამხმოვანებელი, ისეა წარმოდგენილი.

ჩემი პროკურორობის შემთხვევაში პროკურორი, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოში და სახელმწიფოს წარმოადგენს, პროსცებში მეტი ჩართულობა ექნებათ“ , - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ 18 იანვარს  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. პროკურორობისთვის სულ 17 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან საბჭომ  კანდიდატებად წარდგენილი პირების დოკუმენტები შეისწავლა  და დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო, ორ პირს დაუდგინდა ხარვეზი. მათ  ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადა მიეცათ.

კონკურს გამოეთიშა ერთი პირი, რომლმაც პირადი განცხადებით, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.

ცნობისთვის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად, საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.