უნდა გასამართლდეს თუ არა “შევარდნაძის რეჟიმი“ - საქართველოს მეორე პრეზიდენტს დღეს 92 წელი შეუსრულდებოდა
უნდა გასამართლდეს თუ არა “შევარდნაძის რეჟიმი“ - საქართველოს მეორე პრეზიდენტს დღეს 92 წელი შეუსრულდებოდა

A+ A-

12:46 25/01/2020

დღეს, საქართველოს მეორე პრეზიდენტის,  ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა. ედუარდ შევარდნაძეს დღეს 92 წელი შეუსრულდებოდა.

შევარდნაძე 1928 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში დაიბადა.

შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში იყო. იგი თანამდებობიდან 2003 წლის 23 ნოემბერს "ვარდების "რევოლუციის" დროს გადადგა.

სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი“, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი.

შევარდნაძე 1985-1990 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1990 წელს თანამდებობიდან გადადგა, თუმცა 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა თანამდებობას და რამდენიმე თვე იმუშავა.

1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე.

მის სახელს უკავშირდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანება, რა დროსაც ბერლინის კედელი დაინგრა. ამ პროცესში მან დიდი როლი ითამაშა. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მოგვიანებით ვითარება დასტაბილურდა, თუმცა მისი პრეზიდენტობის ბოლომდე ქვეყანაში იყო კორუფცია.

2003 წელს თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სად მიდიოდა, რაზეც შევარდნაძემ უპასუხა "სახლში". ეს შევარდნაძის ცნობილი ფრაზაა.

საქართველოში დღესაც ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ „შევარდნაძის რეჟიმი“ უნდა გასამართლდეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისათვის, 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებისთვის, პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობისათვისა და 1992 წელს ე.წ. აფხაზეთის კონფლიქტის გაჩაღებისათვის.

 ედუარდ შევარდნაძე 2014 წლის 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, კრწანისის რეზიდენციის ტერიტორიაზე.