"აღარ ვიცი კიდევ რა დავწერო, გული მაქვს გახეთქვაზე"
"აღარ ვიცი კიდევ რა დავწერო, გული მაქვს გახეთქვაზე"

A+ A-

13:28 25/01/2020

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე დოდო გუგეშაშვილის შვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ყველაფერი ვიცოდი, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ და სკურპულოზურად მუშაობდა გამოძიება. აურაცხელი და ურთულესი სამუშაოა ჩატარებული და ბოლოს მაინც ყურით გამოათრიეს ის ბინძური მძორი ბუნაგიდან.

ყველაზე საშინელი ახლა იწყება-სასამართლოები და ის, რომ მისი ბინძური სიფათი უნდა დავინახოთ დარბაზში. არ ვიცი, გავუძლებ თუ არა ამას პირადად მე…. ანგელოზი ბიჭი მოკლა….ყველაზე საყვარელი და თბილი ადამიანი…. არ ვიცი მეყოფა თუ არა მისთვის რამე სასჯელი, რასაც მიუსჯის კანონი… აღარ ვიცი, კიდევ რა დავწერო…გული მაქვს გახეთქვაზე ეს მახინჯი ჯუჯა როგორ შეეხო ანგელოზ ნოდარიკოს.

ყოჩაღ, გამოძიებას. მადლობა!  ახლა არ შეგრცხვათ იმ ადამიანებს, ვინც ამტკიცებდით, დოდომ ყველაფერი იცის და გამოძიებას უმალავსო?”, - წერს მაკა რაზმაძე.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.