კორონავირუსს მთელი გულით ელოდება, მოსკოვში, მახრჩობელა გველად წოდებული ოლიგარქი - ნათელაშვილი
კორონავირუსს მთელი გულით ელოდება, მოსკოვში, მახრჩობელა გველად წოდებული ოლიგარქი - ნათელაშვილი

A+ A-

13:53 25/01/2020

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შეამოწმონ.

“მთელი მსოფლიოს აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოფრენილ რეისებს თერმომეტრებით ხვდებიან. ერთადერთი გამონაკლისი თბილისის აეროპორტია, სადაც ჩინური კობრის ქვესახეობიდან წარმოშობილ კორონავირუსს, როგორც სჩანს, მთელი გულით ელოდება, თავის დროზე, მოსკოვში მახრჩობელა გველად წოდებული ოლიგარქი.

ვპასუხობ შეკითხვებს ვირუსთან დაკავშირებით: ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი. ეტყობა ვირუსთა ისეთი სიმბიოზი უნდა გადმოგვდოს, რომ ვინც ვერ გავასწარით ქვეყნიდან ადგილზე გადავშენდეთ. ეს შესავლისათვის. ხვალიდან კი კეთილი ინებეთ და არ დაუშვათ ჩინეთიდან ჩამოსულთა სამედიცინო შემოწმების გარეშე ქვეყანაში შემოშვება. აგრეთვე მუდმივი მონიტორინგი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურ დასახლებებში თბილისიდან ქუთაისამდე და ხარაგაულშიც სადაც ათასობით ჩინელი ჩამორეკეთ ავტობანის მშენებლობაზე,თითქოს აქ არ გვყავდეს სპეციალისტები ანდა სულ დასაქმებული იყოს ყველა”, - წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსი, 2019-nCoV ადამიანიდან ადამიანზე გადაედება, 2019-nCoV კორონავირუსების ოჯახის ახალი წარმომადგენელია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვირუსი აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. ისევე, როგორც სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, 2019-nCoV-ის წყაროს ცხოველები წარმოადგენენ, უფრო კონკრეტულად კი, დიდი ალბათობით, ზღვის პროდუქტები. ვირუსი პნევმონიას იწვევს. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა, ხოლო რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ჩინეთში კორონავირუსით ამ დროსითვის დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია. რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას ის 1,300-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა. ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციაში მდებარეობს. აღნიშნულ ქალაქებში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩინეთში გავრცელებული ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანში, სინგაპურში, ავსტრალიასა და საფრანგეთში. ცნობისთვის, ჩინელი მეცნიერების ერთმა ჯგუფმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჯერ გველებში ვრცელდებოდა, შემდეგ გადავიდა ადამიანებზე. მტკიცებულებად მეცნიერებმა გენეტიკური ანალიზის შედეგები წარმოადგინეს. ეს ინფორმაცია უცხოურ გამოცემებში ვრცელდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები იკვებებოდნენ ბაზრობაზე ნაყიდი სხვადასხვა ცხოველის ხორცით, მათ შორის, ღამურებისა და გველებისაც, რა გზითაც გავრცელდა კიდეც ეს ვირუსი ადამიანებზე.