საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდება
საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდება

A+ A-

15:49 25/01/2020

კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ​კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ამ დარგის ექსპერტები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი შემოწმდება. მათ თერმული სკრინინგი ჩაუტარდებათ და დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურა გაეზომებათ, რის შემდეგაც მგზავრებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ან მაღალი ტემპერატურა ექნებათ, სასაზღვრო კონტროლთან მობილიზებული ექიმები გაესაუბრებიან.

„თუ გასაუბრების შემდეგ საჭირო გახდება დამატებითი გამოკვლევების ან მკურნალობის ჩატარება, მათ აეროპორტიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. დღეს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი შესრულდება და აეროპორტში მობილიზებულები იქნებიან მედიკოსები და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ყველა მგზავრს გადაეცემა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც კორონავირუსის სიმპტომატიკის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება ასახული“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ტვირთს, რომელიც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის, ის საფრთხეს არ შეიცავს და ამ მიმართულებით დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა არ დგას. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსისგან სრული განკურნების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„ექვსდღიანი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ რამდენიმე პაციენტი სრულად განიკურნა, რაც აძლევს სპეციალისტებს იმის თქმის საფუძველს, რომ ვირუსის განკურნება შესაძლებელია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.