როგორ გამდიდრდა ლევან იზორია - რა ეწერა მის 2012 წლის დეკლარაციაში და რა წერია ახლა?!
როგორ გამდიდრდა ლევან იზორია - რა ეწერა მის 2012 წლის დეკლარაციაში და რა წერია ახლა?!

A+ A-

15:29 27/01/2020

დაზვერვის სამსახურის მოქმედი შეფი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მილიონერი ცოლის ქმარია. ეს წერია მის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ შეავსო. მის დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მეუღლის გამდიდრება სწორედ მის ხელისუფლებაში მოსვლას და ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდს უკავშირდება, რადგან 2012 წელს, როდესაც იზორიამ „ქართლი ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც  მაღალჩინოსანმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, მისი მეუღლე თითქმის არაფერს ფლობდა ერთადერთი მიწის ნაკვეთის გარდა და ბუნებრივია, არც მილიონერი იყო.

იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც ბოლო დღეებში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახის წევრებს უკავშირდება და რამაც საზოგადოების მაღალი ყურადღება გამოიწვია, „2020NEWS“-ნა ბიძინა ივანიშვილის მაღალჩინოსნის ქონებრივი დეკლარაცია კიდევ ერთხელ გადაათვალიერა და 2012 წლის დეკლარაციას შეადარა. სხვაობა ძალიან დიდია - იზორიას კარიერული წინსვლის პარალელურად, მისი ოჯახის ფინანსური წინსვლაც თვალშისაცემია.

რა ქონებას ფლობდა იზორიას ოჯახი 2012 წელს?

ლევან იზორიას 2012  დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მას 2012 წლის 20 დეკემბერს აქვს შევსებული, ირკვევა, რომ ის  პირადად  არ ფლობდა უძრავ ან მოძრავ ქონებას და „უპოვარი“ იყო. თუმცა იზორიას დედის საკუთრებაში იყო ორი ბინა თბილისში - ვაზისუბანსა და ნაფარეულის ქუჩაზე. მისი მეუღლე ლანა მანჯგალაძე კი ფლობდა მხოლოდ 600 კვ.მ.  ფართობის მიწის ნაკვეთს დიღომში. სხვა ქონების შესახებ იზორიას მაშინდელ დეკლარაციაში არაფერი წერია. აღსანიშნავია, რომ ლევან იზორიას პირად საკუთრებაში არც ახლაა რაიმე ქონება, ვინაიდან იზორია იმ მაღალჩინოსნების კატეგორიაში შედის, რომლებიც მილიონერები არიან და რეალურად მაინც არაფერს ფლობენ, რადგან მათ მთელი თავის შთამბეჭდავი ქონება ოჯახის წევრებზე აქვთ გაფორმებული.

რა ქონებას ფლობენ იზორიები ახლა?

2018 წლის 28 დეკემბერს იზორიას მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით,  მისი მეუღლე ლანა მანჯგალაძე ფლობს ორ საცხოვრებელ სახლს და ორ  მიწის ნაკვეთს  დიღომში,  პრესტიჟულ დასახლებაში. აქედან ერთ-ერთი - 386 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი იზორიების ოჯახს 2018 წელს 390 000 ლარად აქვს შეძენილი და ის ლანა მანჯგალაძის სახელზეა რეგისტრირებული. 2015 წელს კი - 320 000 ლარად აქვს შეძენილი 414კვ. საცხოვრებელი სახლი ასევე დიღომში. ლანა მანჯგალაძეს  2016 წელს 76 000 დოლარად აქვს შეძენილ 700 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, ხოლო 2012 წელს 600 კვადრატულ  მეტრ  ფართობის მიწის ნაკვეთში 54 000 დოლარი აქვს გადახდილი.

ლევან იზორიას მეუღლეს, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 1 440,08 ლარი ჰქონდა.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მინისტრის მეუღლის შემოსავალმა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობისას, 2017 წლის განმავლობაში, 27 640 ლარი შეადგინა. იმავე დეკლარაციაში ლანა მანჯგალაძის სახელზე რეგისტრირებულია  84 000 დოლარის იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც, მისმა გასავალმა 31 808,92 დოლარი შეადგინა; ასევე ჰქონდა 16 300 დოლარის სესხიც, რომლის გასავალმაც წლიურად 6 399,6 დოლარი შეადგინა.

იზორიების ოჯახს ბინის გაქირავებით წლიური შემოსავალი 39 000 დოლარი მიუღია. ხოლო ნათესავს, რომელზეც იზორიებს თანხა ჰქონდათ  გასესხებული, გასულ წელს ნასესხები 6 000 დოლარი დაუბრუნებია.

თავად ლევან იზორიას, რომელიც მისივე დეკლარაციის მიხედვით, არც მოძრავი და არც უძრავი ქონების მფლობელი არ არის, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 3 250,78 ლარი და 45 000 დოლარის იპოთეკური სესხი.

აღსანიშნავია, რომ ლევან იზორიას ქონებრივი მდგომარეობა 2019 წლის 8 ოქტომბერს  შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მცირედით განსხვავდება 2018 წლის 28 დეკემბერს შევსებული დეკლარაციისგან.

აღსანიშნავია, რომ იზორიების ბოლო დეკლარაციებში დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება აღარ ფიგურირებს, რადგან ლევან იზორიას დედა ოჯახის წევრებში მოხსენიებული აღარ ჰყავს.

შეგახსენებთ, ლევან იზორია 2019 წლიდან იკავებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობას. ამ თანამდებობაზე მან მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მეორე შანსი მისცა, უკან პარტიაში დააბრუნა და ქვეყნის პირველ ჯარისკაცად დანიშნა „კახური კლანის“ ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც  კარგად ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი გიორგი დვალიშვილი თაცდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას. „ზემოდან“ ჩარევის შემდეგ კი იზორიას ათავისუფლებენ. ეს კადრები 2014 წელსაა გადაღებული. ამ დროს ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოში იზორია დვალიშვილს ემუქრება, არ დაგინდობო, რის შემდეგაც პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, ამ ფაქტიდან მალევე, თანდათან დააქვეითეს და ბოლოს კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. დღეს დვალიშვილი სამართალს პროკურატურაში ეძებს.