“მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ,  თემირლანზე შეცდომა რომ მოხდა, ამას სახელმწიფო ვერ აღიარებს, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო”
“მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ,  თემირლანზე შეცდომა რომ მოხდა, ამას სახელმწიფო ვერ აღიარებს, ხელისუფლება თავზე დაგვემხობაო”

A+ A-

15:53 28/01/2020

„რამდენიმე შემთხვევა ყოფილა, როცა პირდაპირ ჩემთან მოსულან ადამიანები და იძახდნენ,  ვიცით, რომ თემირლანი არაფერში იყო დამნაშავე,  უბრალოდ,  მოხდა  შეცდომა და  სახელმწიფოს ამის აღიარება უჭირს. შეცდომა  რომ აღიარონ, შეიძლება, ხელისუფლება თავზე დაგვემხოსო“, - აცხადებს  „2020NEWS“-თან პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„რომელი გამოძიება შეწყდა? გამოძიება დაწყებული არც ყოფილა.  არც არაფერი საჭიროებდა იმას, რომ გამოძიება დაწყებულიყო. სპეცრაზმმა ჩაიდინა დანაშაული, დაარქვა საოცარი სახელი. იყო მცდელობა, რომ გაემართლებინათ თავიანთი, ძალიან სასტიკი დანაშაული. სულ ცდილობდნენ, რაღაცა რაღაცისგან შეექმნათ. მე ამას არც გამოძიებად ჩავთვლი  და არც არასდროს ჩამითვლია. ვიბრძოდი დღემდე და ვიბრძოლებ დღეის შემდეგაც. დღევანდელ დღეს საქართველოში არც პროკურატურაა, არც სასამართლო და  არც ხელისუფლება“, აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის თქმით, პროკურატურისგან  საქმის შეწყვეტას ელოდა.

„რამდენიმე შემთხვევა ყოფილა, როცა პირდაპირ ჩემთან მოსულან ადამიანები, იძახდნენ, ვიცით, რომ თემირლანი არაფერში იყო დამნაშავე, უბრალოდ,  მოხდა  შეცდომა და  სახელმწიფოს ამის აღიარება უჭირს. შეცდომა  რომ აღიარონ, შეიძლება, ხელისუფლება თავზე დაგვემხოსო.  1500 მცდელობა იყო, რამენაირად მოვესყიდე და გავეჩუმებინე. მაგრამ ამისგან რომ არაფერი გამოვიდა, თავიანთ წამოწყებულ სიბინძურეს, დაეყრდნენ და ასეთი დასკვნა დადეს. სასამართლო და პროკურატურა ამას რომ იტყოდა, ამაში ორი აზრი არ იყო. რაც დღეს თქვეს, ჩემთვის უმნიშვნელო რამეა. კარგია, რომ სხვა რამე არ გამოიგონეს და უფრო მეტი ტყუილი არ შესთავაზეს საზოგადოებას“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

შვილმკვდარი მამის განცხდებით,  ქართული სამართალი დღეს გახრწნილ  ნორვეგიულ „სკუმბრიას“ დაემსგავსა.

„ჩემი პასუხი იქნება, რომ მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ დღევანდელი პროკურატურა და სასამართლო არის  თავიდან გახრწნილი, როგორც იწყება ნორვეგიული „სკუმბრიას“ გახრწნა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურის საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა.