ბელგიის მეფემ უკანონო შვილი აღიარა
ბელგიის მეფემ უკანონო შვილი აღიარა

A+ A-

15:02 28/01/2020

ბელგიის მეფე ალბერტ II-მ, დნმ-ს ანალიზის შემდეგ, დელფინა ბოელი ბიოლოგიურ შვილად აღიარა - ამის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატების განცხადებაზე დაყრდნობით,  ადგილობრივი ტელე-რადიოკომპანია RTBF-ი ავრცელებს.

მისმა უდიდებულესობა ალბერტ II-მ მხედველობაში მიიღო დნმ-ანალიზის შედეგები, რომელიც მან ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნით ჩაიტარა. სამეცნიერო დასკვნის თანახმად, ის მადამ დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამაა.

ახლა, ბიოლოგიური ნათესავობის დამტკიცების შემდეგ, დელფინა ბოელს უფლება აქვს, პრეტენზია განაცხადოს მემკვიდრეობის ნაწილზე.

თუმცა მეფეს ბელგიელი მხატვარი ქალის, დელფინა ბოელის „საზოგადოებრივი“ მამობა არ უღიარებია. მისი თქმით, ბოელს არასდროს მიუღია მონაწილეობა ოჯახის არცერთ გადაწყვეტილებაში.

დელფინა ბოელის დედა, ბარონესა სიბილ დე სელის ლონგშამი დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა შვილს მამის ვინაობას. იმის შესახებ, რომ დელფინა ბელგიის მონარქის უკანონო შვილია, ბარონესა მხოლოდ მას შემდეგ გამოუტყდა ქალიშვილს, რაც ეს უკანასკნელი 18 წლის გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ჯერ კიდევ პრინცი ალბერტისა და ბარონესა ლონგშამის რომანი 16 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, მეფედ კურთხევის შემდეგ, ალბერტს დელფინა შვილად არ უღიარებია. იურიდიულად მხატვარი ქალის მამად ბარონესას ყოფილი მეუღლე, მეწარმე ჯაკ ბოელი მიიჩნევა, რომელიც დიდი ხნის წინ გაეყარა მეუღლეს და, როგორც მედია წერს, მან დელფინა ანდერძიდან ამოიღო.

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესი დელფინა ბოელმა 2013 წლის ივნისში წამოიწყო, როდესაც ალბერტ II, როგორც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, აბსოლუტური იმუნიტეტით სარგებლობდა. უფროსი ვაჟის, ფილიპის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგომის შემდეგ, მან შეინარჩუნა მეფის ტიტული, თუმცა იურიდიული ხელშეუხებლობის უფლება დაკარგა.