შამბა თუ ბჟანია? - ვისზე დადებს ფსონს მოსკოვი?
შამბა თუ ბჟანია? - ვისზე დადებს ფსონს მოსკოვი?

A+ A-

17:18 28/01/2020

„სერგეი შამბა დღეს ასლან ბჟანიას კანდიდატურას ღია უჭერს მხარს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ხვალ მოსკოვიდან აქცენტი შამბაზე გაკეთდეს“, - ამის შესახებ “2020NEWS”-ს კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განუცხადა და აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში ოპოზიციონერი ასლან ბჟანიას მონაწილეობა შეაფასა.

არეშიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს აფხაზეთში ასლან ბჟანია, ფაქტობრივად, უკონკურენტოა, შესაძლოა, 22 მარტამდე პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს. ყოველივე ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს მოსკოვი.

„ასლან ბჟანია რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ეს თავიდანვე ცნობილი იყო, გადატრიალებამდეც კი, იმიტომ, რომ ალხას კვიცინია ასლან ბჟანიას შემცვლელად მოიაზრებოდა. საერთოდ, ორივე ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის გუნდია.

როდესაც ასლან ბჟანია მოწამლეს და მას ფიზიკურად აღარ შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ დააყენა ალექსანდრე ანქვაბმა ალხას კვიცინიას კანდიდატურა. აფხაზურმა საზოგადოებამ კვიცინიას კი არ დაუჭირა მხარი, არამედ ხაჯიმბას საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა.

ბჟანიას თუ ფიზიკურმა კონდიციამ შეუწყო ხელი, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. პრინციპში, დღეს რომ ე.წ. არჩევნები ჩატარდეს, ბჟანიას კონკურენტი არ ჰყავს.

22 მარტისათვის შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს, და რატომ... როგორც ვატყობ, მიუხედავად იმისა, რომ სერგეი შამბა დღეს ასლან ბჟანიას კანდიდატურას ღია უჭერს მხარს, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ მოსკოვიდან აქცენტი შამბაზე გაკეთდეს.

საქმე იმაშია, რომ ალექსანდრე ანქვაბს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა არ შეუძლია. ამასთან ახრა ავიძბაც, რომელმაც სოხუმში ფიზიკურად თუ ტექნიკურად გადატრიალება მოახდინა, საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. ავიძბა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია, როგორც დონბასში, ისე სოხუმში, მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის ასაკი არ ჰყოფნის, 34 წლისაა.

ასე რომ, ასლან ბჟანიას ამ კონკრეტულ მომენტში კონკურენტი არ ჰყავს, თუმცა 22 მარტამდე რა მოხდება არავინ იცის. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოსკოვზეა დამოკიდებული“ , - აცხადებს არეშიძე.

ბოლო პერიოდში ასლან ბჟანიასა და სერგეი შამბას მხრიდან გააქტიურდა ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის წარმოების თემა, რასაც ისინი ხშირად აფიქსირებენ საჯარო გამოსვლებში. თუ რა გზავნილია ასეთ დაძაბულ ფონზე დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ ოპოზიციის მხრიდან დიალოგის წარმოების სურვილი, არეშიძე გვპასუხობს:

„ძალიან რთული სათქმელია, თუ რა იგულისხმება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების გზავნილში, იმიტომ, რომ ასლან ბჟანია ისეთი ტიპის განცხადებას აკეთებს, რაც აქამდე აფხაზური მხარიდან არ გაკეთებულა.

აფხაზები დიალოგის საკითხს ყოველთვის აყენებდნენ და იმის შესაძლებლობას უშვებდნენ, რომ პირდაპირი დიალოგი გამართულიყო, თუმცა, აუცილებლად ამბობდნენ, რომ დიალოგი უნდა ყოფილიყო -- „აფხაზურ და ქართულ სახელმწიფოებსს შორის“. ანდაც აფხაზური მხარე აყენებდა საკითხს, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტისა და განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას ქართულ მხარე ხელს არ მოაწერდა, მხარეებს შორის დიალოგი არ დაიწყებოდა.

ამ ტიპის განცხადებები იყო სულ და შედარებით რბილი განცხადება იყო ეს ბოლო, ბჟანიასი.

ასეთი ფრაზა საკმაოდ მაღალი დონიდან, ასლან ბჟანიას მხრიდან პირველად გაჟღერდა, რომ მხარეებს შორის მოხდეს შეხვედრა და ამ ფრაზაში მხარეების პოლიტიკური სტატუსი არ ფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბჟანია ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატია და ოფიციალური პირი არაა, მას პოლიტიკური წონა აქვს. ამ თვალსაზრისით არ გამოვრიცხავ რამდენიმე ვერსიას:

ერთის მხრივ ეს არის მოსკოვის დავალება, იმისათვის, რომ დასავლეთის თვალში თავისი პოლიტიკური პორტრეტი გამოასწოროს, რადგან დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე ნელ-ნელა, ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

თუ გადავხედავთ პოსტსაბჭოთა სივრცეში როგორ იქცევა რუსეთი უკრაინაში, მოლდოვაში, მაშინ ვნახავთ, რომ იქაც ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს თავისი უარყოფითი როლი.

მაგალითად უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთი პრაქტიკულად პოლიტიკურად თმობს დომბასსა და ლუგანსკს, ის სხვა საკითხია, რომ იგი ამას თავისი პირობების საფძველზე თმობს.

მორალური თვალსაზრისით, რუსეთი უკრაინიდან წამომსვლელი არ არის და მას უტოვებს დაქცეულ, განადგურებულ რეგიონს. ასევე რუსეთის მოქალაქეებით სახით კიევს თავისივე აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მილიონნახევარი მტერი ჰყავს. მაგრამ ეს დასავლურ პოლიტიკურ ელიტას აწყობს. ასეთი სიტუაციაა მოლდოვაშიც, რაც გარკვეული ეჭვის საფუძველს გვაძლევს, რომ რაღაც ამდაგვარი შეიძლება ხდებოდეს აფხაზეთშიც. ეს არის ერთი ვერსია.

ეს არის რუსების მხრიდან მშვიდობის მხარდამჭერი თამაში ოკუპირებულ აფხაზეთში, ანუ რუსეთს უნდა, რომ ქართველები და აფაზები შერიგდენენ, მაგრამ პოლიტიკური სტატუსი არ უნდა შეიცვალოს.

მეორე ვერსია არის ის, რომ აფხაზურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, მოსკოვთან თამაში, ვაჭრობის ფონის შესაქმნელად.

მოსკოვთან საუბრისას აფხაზებმა საკითხი ასე შეიძლება, დააყენონ, რომ თუ თქვენ არ შეცვლით მიდგომებს, ჩვენ გვაქვს საშუალება საქართველოსთან სხვა ტიპის დიალოგი წარვმართოთ, აქედან გამომდინარე, დანარჩენ მსოფლიოსთანაცო.

ეს ვერსიაც შეიძლება იყოს, თუმცა ჯერჯერობით რაიმეს თქმა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ჩვენ იმდენჯერ შევცდით აფხაზეთთან დაკავშირებით, სჯობს, ახლა უფრო სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს“, - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს არის დანიშნული. ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა. ხაჯიმბას გადადგომა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ მოითხოვა. აქციების ფონზე ე.წ. მოსამართლეების საკასაციო კოლეგიამ 2019 წლის 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა.

ანა ქორჩილავა