გერმანიაში დესპანად ჩემი შეთავაზებით დავინიშნე. ეს არის თანამდებობაზე აღდგენა - ექსკლუზიური ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან
გერმანიაში დესპანად ჩემი შეთავაზებით დავინიშნე. ეს არის თანამდებობაზე აღდგენა - ექსკლუზიური ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან

A+ A-

15:37 30/01/2020

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონტანტინე გამსახურდია, რომელიც გერმანიაში საქართველოს დესპანის თანამდებობაზე დაინიშნა, “2020NEWS” -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ინიციატივით დაინიშნა.

გამსახურდია სააგენტოსთან მისი ძმის, ცოტნე გამსახრიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ  “ცოტნეს მდგომარეობა მარტივი არ არის, თუმცა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“.

ამასთან, გამსახურდია საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ პირველი პრეზიდენტის საქმე კვლავ გამოუძიებელია და რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას “პოლიტიკური ნების არსებობა სჭირდება“.

-ბატონო კონსტანტინე, გერმანიაში საქართველოს დესპანის პოზიციაზე მუშაობას უკვე შეუდექით?

- ამ პოზიციაზე ოფიციალურად ვარ 2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან. უკვე ორი კვირაა, რაც ვიმყოფები ბერლინში, დიპლომატიურ მივლინებაში.

-აღნიშნულ თანამდებობაზე ვისი ინიციატივით დაინიშნეთ?

-ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისრტრმა, ბატონმა დავით ზალკალიანმა. რამდენადაც 2013 წლიდან ვიყავი დიპლომატი რეზერვში, შეთავაზება ჩემგან იყო. ვინც არ იცის, მათ გასაგონად დავსძენ, რომ ეს პრაქტიკულად არის თანამდებობაზე აღდგენა, რადგან დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დავინიშნე 2011 წლის ივლისში. მაშინ ბრძანებას ხელი მოაწერა მინისტრმა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ, ამჟამად ოპოზიციის ლიდერმა. 2013 წლის დასაწყისამდე ვიყავი საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში.

- როგორ აპირებთ გერმანია-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ახალ საფეხურზე აყვანას?

-გარდა პოლიტიკური ასპექტისა, რაც გულისხმობს ურთიერთობების გაღრმავებას გერმანიის პოლიტიკური კლასის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ასევე, პოტენციურ ინვესტორებთან, ძალიან მინდა ვიმუშაო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ადრე არსებული ქართული ენისა და კულტურის კათედრის აღსადგენად.

-თქვენი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? ბოლოს ცნობილი გახდა, რომ  ცოტნეს  ოჯახის წევრი (დედა) ანა ჯაბაურსა და სხვა პირებს  მასთან პალატაში არ უშვებდა. ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?

-მდგომარეობა არ არის მარტივი, თუმცა იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. მკურნალობა მიდის დასახული გეზით და თურქი სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცოტნე გამოვიდეს მდგომარეობიდან. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.

-რა მოლოდინები გაქვთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ საქმეზე გამოძიების ვადა 2023 წლამდე გახანრძლივდა,  ვადის ამოწურვამდე ელოდებით ობიექტური შედეგის დადებას?

-ზვიად გამსახურდიას საქმეს რაც შეეხება, ის შეჩერებულია. არ შესრულებულა არც ერთი დაპირება, რომელიც მოგვცა მთავარმა პროკურატურამ. არ ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რაც გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს, თუმცა საწყის სტადიაშივე შეაჩერეს. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ქვეყნის საგამოძიებო უწყებას ხელმძღვნელი  თან ჰყავს და თან არც ჰყავს. ობიეტური შედეგის დადებას ესაჭიროება პოლიტიკური ნება მთავრობისგან, ასევე საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. ამის გარეშე შედეგზე ვერ გავალთ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე